დავით გარეჯი

გახარია დავით გარეჯზე: გათვალისწინებული იქნება კულტურული მემკვიდრეობა და ეკლესიის ინტერესი

გიორგი გახარია
შსს

"ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან შეთანხმებას მივაღწევთ ისეთს, რომ გათვალისწინებული იქნება, როგორც კულტურული მემკვიდრეობა, ასევე ჩვენი ეკლესიის ინტერესი," - შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომის შემდეგ, დავით გარეჯის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ყველას მოგვეხსენება, რომ ეს არის ძალზედ ფაქიზი თემა. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მემკვიდრეობა, პოსტ-საბჭოთა მემკვიდრეობა და საზღვრის დემარკაცია მაქსიმალურად შესაძლებელ, მოკლე ვადებში უნდა დავასრულოთ. მე ერთმნიშვნელოვნად მოვუწოდებ ყველას, ვინც ცდილობს ამ თემით სპეკულირებას და ეთნიკური შუღლის გაღვივებას, არ მოვერიდები ამ სიტყვებს, ძალიან ფრთხილად ვიყოთ ამ თემასთან, რამეთუ დემარკაციის ფარგლებში, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან და ჩვენს მოძმე სახელმწიფოსთან შეთანხმებას მივაღწევთ, ისეთს რომლის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება, როგორც კულტურული მემკვიდრეობა, ასევე ჩვენი ეკლესიის ინტერესი.“ - თქვა გახარიამ.

25 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტეერთან მისასვლელი ბილიკი გადაკეტეს. სასულიერო პირები და სტუმრები მონასტრამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ. აზერბაიჯანელი მესაზღვრეებმა უდაბნოს მისასვლელი ბილიკების მოწყობაც დაიწყეს.

26 აპრილს დავით გარეჯში უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გაიხსნა. თუმცა, არსებობს მოლოდინი, რომ ის კვლავ ჩაიკეტება.

კომენტარები