პანკისი

სამადაშვილი: ეხმარება ქვეყნის ინტერესებს პანკისელების რადიკალებთან დაკავშირების კამპანია?

სალომე სამადაშვილი
პარლამენტი

თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, რომელზეც სუს-ის ანგარიშს განიხილავენ, მედიისთვის დაიხურა. გადაწყვეტილება კომიტეტების თავმჯდომარეებმა -ირაკლი სესიაშვილმა, ანრი ოხანაშვილმა და სოფო კილაძემ მიიღეს და კენჭისყრაზე დააყენეს. დეპუტატების უმეტესობამ მხარი სხდომის დახურვას დაუჭირა.

სალომე სამადაშვილმა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს მოუწოდა, ოპოზიციასთან საუბრისას ტონი შეარჩიოს. 

სამადაშვილმა ასევე თქვა, რომ მას სურს, სუს-ის წარმომადგენელს კითხვები 21 აპრილს პანკისში განვითარებული მოვლენების და პანკისელების წინააღმდეგ აგორებული კამპანიის შესახებ დაუსვას. 

"ბატონო ირაკლი, ჩემთვის ძალიან უცნაურია ის ტონი, რომლითაც დაიწყეთ დღევანდელი სხდომა. გუშინ ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან სერიოზული კრიზისი იხილა, დღეს ჩვენ აქ გასართობად არ ვართ შეკრებილი და ოპოზიციასთან საუბრისას ტონი შეარჩიეთ და ჩვენ თუ გვაქვს რაიმე მოსაზრებები, რომ ამ სხდომის ნაწილი საჯარო უნდა იყოს, ალბათ, გვაქვს მოტივაციაც ამისთვის და არ არის საჭირო კოლეგებთან ასეთი ტონით საუბარი. ჩემთვის და ვფიქრობ, საზოგადოებისთვის, ჟურნალისტებისთვისაც საინტერესოა, საჯაროდ მოვისმინოთ პასუხი ისეთ შეკითხვაზე, მაგალითად, როგორიც მე მაქვს ბატონ სუს-ის წარმომადგენელთან: ეხმარება თუ არა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ის პიარკამპანია, რაც დღეს წარმოებს პანკისის მოსახლეობის წინააღმდეგ, როდესაც მათ აკავშირებენ ისლამურ - ფუნდამენტალისტურ მოძრაობასთან თქვენი ხელისუფლების სხვადასხვა პროპაგანდისტული საშუალებები. მნიშვნელოვანია ამაზე პასუხი მოისმინოს მედიის წარმომადგენლებმაც, რომლებიც სამწუხაროდ, ამ სამარცხვინო კამპანიას აწარმოებენ დღეს, როდესაც უსერიოზულესი გამოწვევის წინაშე დგას სახელმწიფო. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ყველა კითხვა დაისვას ღია რეჟიმში და შემდეგ მივცეთ სუს-ის წარმომადგენელს დისკრეცია, განსაზღვროს, რომელ შეკითხვაზე შეუძლია უპასუხოს საჯაროდ და რომელს არა ", - თქვა სალომე სამადაშვილმა სხდომაზე. 

სესიაშვილმა უპასუხა: 

"დიახ, ჩვენს შორის დიდი განსხვავებაა. თქვენი, რიგ შემთხვევაში პროვოკაციული განცხადებები უკვე სახეზეა და ჩემი ტონი თუ არ მოგწონთ, მიხარია. მაგრამ არის ქვეყნის საერთო ინტერესები, რომელზეც თქვენ კონსოლიდაციის უნარი არ გქონდათ აქამდე, როცა ხელისუფლებაში იყავით და არც დღეს გაქვთ, როცა ოპოზიციაში ხართ. ესეც, როგორც თქვენ გიყვართ თქმა, ფუნდამენტალური განსხვავებაა ჩვენ შორის. ამიტომ, დიახ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, მათ შორის თქვენთან ერთად, იმისთვის, რომ ის საფრთხეები, რომლებიც ქვეყნის წინაშეა და რომლის გარკვეული გამოვლინება მათ შორის გუშინაც იყო, ვიმსჯელოთ სამუშაო რეჟიმში". 

პანკისის ხეობაში ვითარება 21 აპრილს დილით დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ადგილზე ჰესის მშენებლობა დაიწყო, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოყვა. ადგილობრივი პანკისელების პროტესტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანით უპასუხა. 

შედეგად, ადგილობრივები და სპეცრაზმელები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. სამართალდამცავები მოსახლეობის წინააღმდეგ რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდნენ, მოსახლეობა კი მათ ქვებს ესროდნენ. ასევე, ადგილობრივებმა პოლიციის 2 მანქანა და ის ტრაქტორი დაწვეს, რომელიც ჰესის მშენებლობაზე მუშაობდა. 

სიტუაცია მას შემდეგ დაწყნარდა, რაც ხეობაში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა და ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ პირობა დადო, რომ პანკისში ჰესი მხოლოდ მას შემდეგ აშენდება, რაც მოსახლეობის მხრიდან 90%-იანი თანხმობა იქნება.

კომენტარები