ვითარება პანკისში

ბოკერია პანკისზე: ამ რთულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილის ხელისუფლებას ეკისრება

პარლამენტი

ევროპული საქართველო პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებასა და ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. 

ამის შესახებ პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ ისაუბრა. 

ბოკერიას თქმით, ის, რაც ახლა პანკისის ხეობაში ხდება ქვეყნისთვის ძალიან მძიმე და სახიფათო ვითარებაა. მისი თქმით, პოლიციელების წინააღმდეგ ნებისმიერი სახით ძალადობა დაუშვებელია, თუმცა ამაზე სრული პასუხისმგებლობა ივანიშვილის ხელისუფლებას ეკისრება არათანმიმდევრული და გაუაზრებელი პოლიტიკის გამო. 

"პირველ რიგში მინდა, მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს პანკისის ხეობაში სიმშვიდისკენ და, რა თქმა უნდა, დაუშვებელია ნებისმიერი სახით ძალადობა პოლიციელების წინააღმდეგ, მაგრამ სრული პასუხისმგებლობა ამ რთულ ვითარებაზე და იმაზე, რომ აქამდე მივიდა საქმე, ეკისრება ივანიშვილის ხელისუფლებას, მისი არათანმიმდევრული და გაუაზრებელი პოლიტიკის გამო და ეს არ არის ჰესის საკითხი, თუმცა ჰესების თემაშიც ისინი არათანმიმდევრულები არიან, როგორც ჩვენ ეს ვნახეთ მთელი ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ კერძოდ პანკისის ხეობასთან დაკავშირებით, ჩვენ წლებია, საჯაროდ და არასაჯაროდ ვაფრთხილებდით მათ იმ სახიფათო ვითარების შესახებ, რომელიც იყო ამ რეგიონში, ხელისუფლების მიმართ ნდობის თვალსაზრისით, კანონის უზენაესობის თვალსაზრისით და ეს არის ამ ყველაფრის შედეგი, რომ ზოგადი დამოკიდებულება ხელისუფლებისა და მისი პოლიტიკის მიმართ არ იწვევს ჩვენი მოქალაქეების ნდობას და მათ არ აქვთ ლეგიტიმაცია. ეს დიდი ხიფათის მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის,"- ამბობს ბოკერია. 

პანკისის ხეობაში ვითარება დღეს დილით დაიძაბა. მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანით უპასუხა. 

ამ დროისთვის ხეობაში ვითარება კვლავ დაძაბულია. პოლიცია რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებს, ადგილობრივები კი პოლიციელებს ქვებს ესვრიან. ამავდროულად, დაწყებულია ჰესის მშენებლობაც. მოსახლეობამ კი, ის ტრაქტორი დაწვა, რომელიც მშენებლობაზე მუშაობდა. 

პანკისის ხეობაში ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც, რომელმაც თქვა, რომ "მოხდა გარკვეული ექსცესი, რის გამოც დაიძაბა სიტუაცია და მოვერევით, ყველაფერს მივხედავთ ისე როგორც საჭირო".

გავრცელებული ინფორმაციით არიან დაშავებულებიც.

კომენტარები