ვითარება პანკისში

NGO-ები: ხელისუფლებას მოვუწოდებთ შეწყვიტოს პანკისში დემონსტრაციული საპოლიციო ძალის გამოყენება

არასამთავრობო ორგანიზაციები

"შეშფოთებას გამოვთქვამთ პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობის გამო შექმნილ კრიზისულ სიტუაციასთან დაკავშირებით და ხელისუფლებას მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მოსახლეობასთან დემონსტრაციული საპოლიციო ძალის გამოყენება და გამოიყვანოს ისინი პანკისის ხეობიდან," - არასამთავრობო ორგანიზაციები პანკისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საპოლიციო თუ სხვა სახის რეპრესიული ძალაუფლების გამოყენება ჰესების თუ სხვა გარემოსდაცვით საკითხებზე ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის ჩასახშობად არაერთხელ იქნა გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან, რაც კიდევ უფრო სისტემურს ხდის პრობლემას და სავარაუდოდ ხელისუფლებაზე ბიზნეს ლობირების მნიშვნელოვან ზეგავლენას წარმოაჩენს.

"უნდა აღინიშნოს, რომ სპეცრაზმის დახმარებით მშენებლობის პროცესის განახლება მოხდა ისე, რომ ხელისუფლებას სათანადოდ არ ქონდა ამოწურული ადგილობრივ თემთან მოლაპარაკების რესურსი. ბოლო კვირებში პანკისის ხეობაში მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლების ვიზიტის დროს ითქვა, რომ ხელისუფლება დაგეგმავდა ექსპერტების მონაწილეობით ამ საკითხის განხილვას. თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ მისი საჯარო დაპირება არ შეასრულა.

შსს-ს განცხადების თანახმად, ჰესის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალის გამოყვანა, ადგილზე უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის მინისტრმა, რომელიც სულ რამდენიმე დღეა დაინიშნა ამ პოზიციაზე, საკუთარი საქმიანობის პრიორიტეტად სწორედ ენერგეტიკის სექტორი გამოაცხადა. ნათია თურნავა 2013-2018 წლებში "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო, ის ასევე იყო უმსხვილესი ქართული კერძო სამრეწველო ჯგუფის (GIG) მმართველი საბჭოს წევრი და საქართველოს საერთაშორისო ენერგოკორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი. მისი ბიოგრაფია აჩვენებს, რომ ის ბიზნეს და ენერგო ინტერესების ლობისტია და ნიშანდობლივია, რომ მინისტრის თანამდებობზე დანიშვნიდან პირველივე დღეებში სწორედ მისი გადაწყვეტილებით მოხდა პანკისის ხეობაში საპოლიციო ძალის გამოყენებით ჰესების მშენებლობის დაწყება,"- წერია განცხადებაში. 

არასამთავრობოები ეკონომიკის ახლადდანიშნული მინისტრის ნათია თურნავას გადაგომას ითხოვენ.

"ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საპოლიციო ძალისგამოყენება პანკისის ხეობაში და გამოიყვანოს ხეობაში შეყვანილი დამატებითი ძალები.

დაუყოვნებლივ გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების მინისტი ნათია თურნავა, რომელსაც აშკარა ინტერესთა კონფლიქტი აქვს ბიზნეს ინტერესებსა და სახელმწიფო ინტერესებს შორის და მისი დანიშვნიდან პირველივე დღეებში კრიზისი შექმნა პანკისის ხეობაში.

საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება პანკისის ხეობაში მიმდინარემოვლენებთან დაკავშირებით, ძალაუფლების სავარაუდო გადამეტების გამოძიების მიზნით.

საქართველოს პარლამენტი დაინტერესდეს აღნიშნული თემით და გამოიყენოს საზედამხედველო მექანიზმები ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებისა და უფლებების დაცვისთვის;

დონორი ორგანიზაციები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაინტერესდნენ მათი ფინანსური დახმარებით მიმდინარე ენერგეტიკული პროექტების სავალალო გარემოსდაცვითი და სოციალური შედეგებით, რომლებიც განხორციელდა და ხორციელდება ევროკავშირისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პოლიტიკების უგულებელყოფით," - წერია სამოქალაქო სექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ხელმომწერები:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

მწვანე ალტერნატივა

პანკისის ხეობაში მოსახლეობა ჰესების მშენებლობას აპროტესტებს. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი. სპეცდანიშნულების რაზმსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მოსახლეობამ მათ ქვები დაუშინა. ადგილობრივებმა დაწვეს ტრაქტორი, რომელიც ჰესის მშენებლობის ადგილზე მუშაობდა. 

კომენტარები