უკრაინის არჩევნები

გიგი წერეთელი უკრაინის არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას უხელმძღვანელებს

ევროპული საქართველოს დეპუტატი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების სპეციალურ კოორდინატორად დაინიშნა, რომელიც აერთიანებს ეუთოს, ევროსაბჭოს, ნატოს და ევროპარლამენტის დელეგაციებს. ეს გადაწყვეტილება ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ მიროსლავ ლაიჩეკმა მიიღო. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ეუთოს 500-ზე მეტი დამკვირვებელი გაუწევს მონიტორინგს. ისინი სხვა აკრედიტებულ ორგანიზაციებთან ერთად ქვეყნის უმეტეს რეგიონებში დააკვირდებიან საარჩევნო პროცესს.

"უკრაინის არჩევნების მეორე ტურის მაღალი სტანდარტით ჩატარებას დიდი მნიშვნელობა ექნება, უპირველეს ყოვლისა უკრაინელი ხალხისათვის, ნდობის ასამაღლებლად ახალი არჩეული პრეზიდენტისადმი და ზოგადად ხელისუფლებისადმი, ასევე ქვეყნის თავდაცვისა და რეფორმების განსახორციელებლად საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებისათვის. ეს არჩევნები არაორდინარულ ვითარებაში იმართება, რაც განპირობებულია რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიითა და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ცხელი კონფლიქტით. ამიტომ, არჩევნების მაღალი სტანდარტით ჩატარება უკეთესს პირობებს შექმნის არსებული გამოწვევების დასაძლევად,“ - თქვა გიგი წერეთელმა.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება. ერთმანეთს ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტრო პოროშენკო დაუპირისპირდებიან.

კომენტარები