ეკონომიკის სამინისტრო

ბახტაძე თურნავაზე: დავალებები, რომლებიც შესასრულებელი ექნება არის ამბიციური და მკაცრი

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათია თურნავა წარადგინა.

პრემიერის შეფასებით, ნათია თურნავა პროფესიონალია, სერიოზული გამოცდილებით და მას აქვს სწორი აღქმა იმ სოციალური რეალობის, რომელიც დღეს ქვეყანაშია.

მისივე თქმით, დავალებები, რომლებიც თურნავას ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში ექნება შესასრულებელი მკაცრი და ამბიციურია.

მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე ბახტაძემ გიორგი ქობულიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქობულია ძლიერი ეკონომისტი, პროფესიონალი, ანალიტიკოსია.

"როგორც მოგეხსენებათ, გუშინ მივიღე საკადრო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულიას მაგივრად დაინიშნა ნათია თურნავა. გოგა ქობულია არის ძალიან ძლიერი ეკონომისტი, პროფესიონალი ანალიტიკოსი. მან შეძლო და ყველა იმ ძირითად მიმართულებაში, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო აერთიანებს, შექმნა განვითარების სტრატეგიები, რომელიც მომავალში გამოგვადგება.

ნათია არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი, სერიოზული გამოცდილებით. ჩვენ ახლა გვჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები, გადაწყვეტილებების მიღება ოპერატიულ რეჟიმში, რომელიც ემსახურება ჩვენი საზოგადოების, მეწარმეების ინტერესებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნათია წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. ჩემი შეხედულებით, ნათიას აქვს სწორი აღქმა იმ სოციალური რეალობის, რომელიც არის დღეს ქვეყანაში. ის დავალებები და ვადები, რომელიც შესასრულებელი ექნება მას თავის გუნდთან ერთად ეკონომიკის სამინისტროში, არის ამბიციური და მკაცრი, თუმცა ნათიას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა და ის წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას." - ამბობს ბახტაძე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გუშინ, 18 აპრილს, გაათავისუფლეს. იგი ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 12 ივლისიდან ხელმძღვანელობდა.

ქობულიას ადგილი ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში ნათია თურნავამ დაიკავა.

ინფორმაცია, რომ ქობულია თანამდებობას ტოვებდა, რამდენიმე კვირა ვრცელდებოდა, თუმცა, უკვე ყოფილი მინისტრი ამბობდა, რომ ეს ინფორმაცია ჭორი იყო.

კომენტარები