კობახიძის კანონპროექტი

უზენაესი სასამართლოდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა იმართება

ტაბულა

უზენაესი სასამართლოდან პარლამენტის შენობამდე საპროტესტო მსვლელობა იმართება.

მსვლელობის ორგანიზატორი ახალი საარჩევნო ბლოკი "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატებია". 

მოქალაქეები პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, მიერ მომზადებულ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს ეხება. 

კობახიძის კანონპროექტი, როგორც ვენეციის კომისიამ, ისე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) გააკრიტიკა. 

ქართული ოცნების უმრავლესობას კობახიძის კანონპროექტისთვის მეორე მოსმენით კენჭისყრა დღეისთვის აქვს დაგეგმილი. 

მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს, მოუწოდებდნენ, ვენეციის კომისიის დასკვნამდე კობახიძის კანონპროექტი კომიტეტზე არ განხილულიყო, ოხანაშვილმა არ გაითვალისწინა საზოგადოებრივი პროტესტი და 15 აპრილს კანონპროექტს კენჭი უყარეს და მხარიც დაუჭირეს. 

20 მარტს საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად 89 ხმით პარლამენტმა მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტი "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს. 

კანონპროექტს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს და მას "ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის შეკერილ მანტიას" უწოდებს.

რა წერია "კობახიძის კანონპროექტში", ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები