ჯულიან ასანჟი

ეკვადორის პრეზიდენტი: ჯულიან ასანჟი საელჩოს კედლებს ფეკალიებით სვრიდა

ჯულიან ასანჟი
Reuters

ეკვადორის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ჯულიან ასანჟისთვის თავშესაფრის გაუქმების ერთერთი მიზეზი ის იყო, რომ WikiLeaks-ის დამფუძნებელი ლონდონის საელჩოს კედლებზე ფეკალურ მასას უსვამდა. 

ასანჟის ადვოკატი ჯენიფერ რობინსონი ამბობდა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა, თუმა ლენინ მორენომ კი დაადასტურა, რომ ეს ნამდვილად იყო ასანჟის გაშვების ერთერთი მიზეზი. 

"დაწყებული სიტყვიერი შეურაცხყოფებიდან ეკვადორის მიმართ, როდესაც ის ჩვენს ქვეყანას ყოვლად უმნიშვნელო ქვეყანად მოიხსენიებდა და უკაცრავად, რომ ამის თქმა აქ მიწევს, მაგრამ იმით დამთავრებული, რომ ჩვენი საელჩოს კედლებზე ფეკალიებს უსვამდა,"- თქვა მორენომ BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

ეკვადორის პრეზიდენტმა, ასევე, დაამატა, რომ 47 წლის ასანჟმა საელჩოში 7-წლიანი ცხოვრების განმავლობაში მათი მოთმინება ამოწურა. 

მანვე აღნიშნა, რომ ავსტრალიელი ჟურნალისტი საელჩოს თანამშრომლებს ძალიან ცუდ მდგომარეობაში აგდებდა, მათ სათვალთვალო კამერებს უმონტაჟებდა და მის პირად მობილურშიც კი შეაღწია. 

"ჯგუფი, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, შემოძვრა ჩემს მობილურში, ჩემი ცოლის მობილურში და ჩემი ოჯახის, ჩემი ცოლისა და ქალიშვილების პირადი ფოტოები გაასაჯაროვა,"- თქვა ეკვადორის პრეზიდენტმა. 

ერთერთ ფოტოში, რომელიც ამ ინციდენტის შემდეგ გამოქვეყნდა, ეკვადორის პრეზიდენტი სასტუმროს ნომრის საწოლზე წევს და კიბორჩხალებს მიირთმევს. 

15 აპრილს მორენომ თქვა, რომ ასანჟი ლონდონში მათ საელჩოს ჯაშუშობისთვის იყენებდა. მისივე თქმით, ასანჟისათვის თავშესაფრის გაუქმების გადაწყვეტილებაზე გავლენა სხვა ქვეყანას არ მოუხდენია.

"დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა ეკვადორისათვის მიუღებელია იმიტომ, რომ ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ და სხვა ქვეყნების პოლიტიკას პატივს ვცემთ. ვერ დავუშვებთ რომ ჩვენი სახლი, სახლი, რომელმაც კარი გახსნა, ჯაშუშობის ცენტრად აქციონ."

შეგახსენებთ, რომ ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში გასულ კვირას დააკავეს. ის საელჩოს თავს 2012 წლიდან აფარებდა. მას სექსუალური ძალადობისათვის გასამართლება ემუქრება. მისი დაკავების ორდერი შვედეთს ჰქონდა გაცემული გაუპატიურების ბრალდების გამო. ასანჟი ბრალდებას უარყოფს. მიუხედავად იმისა, რომ შვედეთმა ორდერი გააუქმა დიდი ბრიტანეთის მიერ გაცემული დაკავების ორდერი კვლავ ძალაშია.

პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი საელჩოში ეკვადორის ელჩმა მიიწვია მას შემდეგ, რაც ეკვადომა ასანჟს თავშესაფარის მინიჭება შეუწყვიტა.

"ჯულიან ასანჟი, 47 წლის, დღეს, ხუთშაბათს, 11 აპრილს, აშშ-ის ხელისუფლების სახელით დავაკავეთ 10:53-ზე, მას შემდეგ რაც მოიყვანეს ლონდონის პოლიციის ცენტრალურ დეპარტამენტში. ექსტრადიციის ორდერი არის ექსტრადიციის აქტის 73 სექციის მიხედვით. ის ვესტმინსტერის სასამართლოს წინაშე უახლოეს პერიოდში წარდგება." ნათქვამია განცხადებაში.

აშშ ასანჟს ყოფილ ამერიკელ სამხედროსთან, ჩელსი მენინგთან ერთად ჰაკერულ შეთქმულებაში ადანაშაულებს.

საბრალდებო ოქმის მიხედვით ასანჟი მენინგს 2010 წლის მარტში სამთავრობო კომპიუტერებიდან საიდუმლო ინფორმაციის მოპარვაში დაეხმარა. ოქმი, რომელიც დღეს გასაჯაროვდა გასული წლის 8 მარტსაა ხელმოწერილი.

ასანჟი ამბობდა, რომ აშშ-იში მას WikiLeaks-ის მიერ ასობით ათასი საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნების გამო გაასამართლებდნენ და სიკვდილით დასჯიდნენ.

ლენინ მორენოს თქმით, ბრიტანეთმა მას გარანტია მისცა, რომ ასანჟის ექსტრადიცია არ მოხდება იმ ქვეყანაში, სადაც მას სიკვდილით დასჯა დაემუქრება.

"ადამიანის უფლებების და საერთაშორისო კანონებთან შესაბამისობაში, დიდ ბრიტანეთსვთხოვე არ მომხდარიყო ასანჟის ექსტრადიცია იმ ქვეყანაში, სადაც მას წამება ან სიკვდილით დასჯა დაემუქრებოდა. ბრიტანეთის მთავრობამ ეს წერილობით დამიდასტურა."თქვა მან ტვიტერზე გავრცელებულ ვიდეოში.

კომენტარები