ვენეციის კომისიის დასკვნა

შავგულიძე: ვენეციის კომისიის რეკომენდაციები NGO-ებისა და ოპოზიციის შენიშვნებს ემთხვევა

ტაბულა

ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების ბლოკის მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა შავგულიძე ამბობს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე უმრავლესობის კანონპროექტზე, ემთხვევა არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციის მიერ ამ კანონთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებს. 

"ვენეციის კომისიის რეკომნედაციებში ალბათ უნდა გამოვყოთ რამდენიმე უმთავრესი. უპირველესად უნდა აღინიშნოს რეკომენდაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ არსებულმა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და საპარლამენტო უმრავლესობამ, გამომდინარე იქედან რომ იუსტიციის საბჭო არ სარგებლობს საზოგადოების ნდობის მაღალი ხარისხით, არ მოახდინონ სრულად დაკომპლექტება უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის, რომ მათ დააკომპლექტონ მაქსიმუმ ნახევრამდე, დანარჩენი კი დააკომპლექტოს შემდეგი მოწვევის პარლამენტმა, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოების ნდობის ხარისხი უზენაესი სასამართლოს მიმართ მეტად დაზიანდება," - ამბობს შავგულიძე. 

შავგულიძე ამბობს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა მინიმუმ მომავალი 20-30 წლის მანძილზე უზენაესში არ გვყავდეს მოსამართლეები, რომელთა სამართლის ქართულ საზოგადოებას არ სჯერა. 

"როგორც გუშინ პარლამენტის თავმჯდომარისგან მოვისმინეთ ქართული ოცნება არ აპირებს გაიზიაროს ეს შენიშვნები, ყოველშემთხვევაში, მათი აბსოლუტური უმრავლესობა და ის არსებითი შენიშნვები რაც ყველზე მნიშვნელოვანია. ვენეციის კომისიამ პირდაპირ მიუთითა, რომ მიუხედავად იმ კონსტიტუციური ჩანაწერისა, რომ უზენაესი სასამართლო უნდა შედგებოდეს მინიმუმ 28 მოსამართლისგან, სჯობს, რომ ეს საკონსტიტუციო მოთხოვნა შესრულებული იყოს თანდათან და იმ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რომელსაც ნდობა არ გააჩნია არ დააკომპლექტოს სრულად, რადგან ასე დაკომპლექტებულს არ ექნება საზოგადოების ნდობა," - ამბობს შავგულიძე. 

ვენეციის კომისიამ გუშინ უმრავლესობის მიერ მომზადებულს კანონპროექტზე კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა. სადაც წერია, რომ "პარლამენტმა მხოლოდ იმ რაოდენობით მოსამართლეები უნდა დაამტკიცოს უზენაეს სასამართლოში, რაც აბსოლუტურად აუცილებელია უზენაესი სასამართლოს მუშაობისთვის. 

კანონპროექტი რამდენიმე კუთხით უნდა გაუმჯობესდეს. მთავარი რეკომენდაციებია:

• უფრო მაღალი ასაკის მოთხოვნა და მეტი ყურადღების გამახვილება კანდიდატის გამოცდილებაზე ისევე, როგორც დასაშვებობის კრიტერიუმებში უნდა იყოს განსჯისუნარიანობა, დამოუკიდებლობა და მრავალფეროვნება. 

• უნდა გადაიხედოს არამოსამართლე კანდიდატებისთვის მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მოთხოვნა, რადგანაც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მხოლოდ "სამართალწარმოებაში გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტებს" შეუძლიათ იყვნენ უზენაესი სასამართლოს არამოსამართლე კანდიდატები. ასეთი კვალიფიკაციის მქონე ადამაინებს არ უნდა ვაიძულოთ ისხდნენ გამოცდაზე, რათა დაამტკიცონ, რომ შეუძლიათ კანონთან მუშაობა, რაც უზენაესი სასამართლოს მუშაობაში აუცილებელია. 

• იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ფარული კენჭისყრის ჩატარება უნდა გაუქმდეს; კანდიდატების კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია საჯარო უნდა გახდეს და პროცედურა ობიექტურ კრიტერიუმებზე უნდა იყოს დამყარებული. კანდიდატები რეიტინგში უნდა დალაგდნენ იმ ქულების მიხედვით, რომლებსაც ისინი შეფასების პროცესში დააგროვებენ. ამით შესაძლებელი იქნება, რომ პარლამენტში წარადგინონ მხოლოდ საუკეთესო კანდიდატები ამ სიიდან. 

• კანდიდატების შერჩევისა და გარიცხვის გადაწყვეტილებების გასაჩივრება შესაძლებელი უნდა იყოს. 

• იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, გათავისუფლებული უნდა იყოს ყველა პროცედურისგან, რომელიც კანდიდატების შერჩევასა და ნომინირებას ეხება".

კომენტარები