საპროტესტო აქცია

რუსთავში ციხის აშენებას აპროტესტებენ, გადაკეტილია ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური გამზირი

რუსთავი 2

რუსთავში მოქალაქეები სასჯელაღსრულების დაწესებულების აშენებას აპროტესტებენ და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვენ. მათი განცხადებით, ციხე მათ სახლებთან ძალიან ახლოს შენდება, ამასთან, მშენებლობაზე არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები, რაც საფრთხეს უქმნის მათ და მათ შვილებს.

"ეზოებში გვიშენებენ ციხეს. ბავშვების გაზრდის საშუალებას რა გვაძლევენ. მორალურად დანგრეულები არიან ბავშვები. რა ბავშვები უნდა დაიზარდონ ციხის კედლების მაყურებლები. ციხის შენობა ფაქტიურად დასახლებაში არის. მოშორებით მაინც იყოს. რუსთავი ხომ ციხეების ქალაქია მაგრამ დანარჩენი ციხეები ხომ ქალაქის მოშორებით არის და არ ჩანს", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე რუსთავი 2-თან.

კიდევ ერთი მოქალაქის თქმით კი მშენებლობის პროცესშიც არ არიან დაცულები.

თავდაპირველად მოქალაქეები ციხის ტერიტორიაზე მივიდნენ და სამშენებლო კომპანის წარმომადგენლებს მშენებლობის დაწყების საშუალება არ მისცეს.

მოგვიანებით აქცია მსვლელობით გაგრძელდა, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს. გადაკეტილია ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური გამზირი - მეგობრობის გამზირი. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, რადგან პოლიცია გზის გახსნას ცდილობდა.

კომენტარები