ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები

ბოკერია: შალვა შავგულიძის მხარდაჭერა ჩემთვის დიდი პატივია 

ევროპული საქართველო

შალვა შავგულიძის ფიგურა, პერსონა, ბიოგრაფია და ის ფაქტი რომ ჩვენ ერთად ვუჭერთ მას მხარს, ანგრევს მთავარ კონსტრუქციას რაც აქვს ივანიშვილს - ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტვ. პირველის ეთერში თქვა. 

მისი თქმით, ივანიშვილი შავგულიძეს უტიფრად დაუპირისპირდა და ამის მიზეზი ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების ბლოკია. 

"შავგულიძის ფიგურა ძალიან რთული ფიგურაა წარსულის დემონიზიბისთვის, ან რამე ბრაზის და შურისძიების იარლიყის მიტყეპებისთვის. ნაცების იარლიყის მიტყეპებისთვის. ამიტომ არიან ძალიან შეშფოთებულები, ამიტომ არი შალვა შავგულიძის ფიგურა გადამლახავი სიძულვილის იმ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის , რომლებსაც ჰქონდათ მძიმე დაპირისპირებაც კი. მაგრამ აქვთ ერთიანი ხედვა აწმყოსა და მომავლის და რომლებსაც სურთ ეს სიძულვილის პოლიტიკა, წარსულისკენ თითის შვერა და არანაირი გზავნილის არქონა, დამაჯერებელი გზავნილის, როგორ უნდა წავიდეს ქვეყანა წინ, დასრულდეს. ამიტომაც ღელავენ",- ამბობს ბოკერია. 

ბოკერიას თქმით, დღეს შალვა შავგულიძის ფიგურის წინ წამოწევა და მხარდაჭერა მისთვის დიდი პატივია. 

"მე ვთვლი რომ ეს ადამიანი თავისი წესიერებით, თავისი კარიერით, ყველა ხელისუფლების დროს, მათ შორს ქართული ოცნების დროს, არის მაგალითი, როგორი პოლიტიკოსები გვჭირდება პარლამენტში და სხვათაშორის რამე რომ იყოს, სასამართლოშიც და პროკურატურაშიც",- აღნიშნა ბოკერიამ. 

ჟურნალისტის კითხვაზე, რა უნდა შავგულიძეს იმ გუნდთან, რომელსაც სტრასბურგში სანდრო გირგვლიანის საქმე მოუგო და ქმნის თუ არა ეს ფაქტი უხერხულობას, ბოკერია პასუხობს, რომ უხერხულობაზე მეტია ის ფაქტი რაც გირგვლიანის საქმეში მოხდა. 

"ვთვლი, რომ ჩვენ მტყუანები ვიყავით და შავგულიძე მართალი და ამას ვთვლი გულწრფელად არამარტო ახლა, როცა შავგულიძე ჩვენთან არის, არამედ იქამდეც. ამიტომ არანაირი ლოგიკა სავგულიძის კრიტიკაში არ არის. მხოლოდ პოლიტიკური უტიფრობაა",- თქვა მან. 

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა 9 აპრილს ტვ იმედის გადაცემაში საუბრისას სანდრო გირგვლიანის საქმეში ლევან მურუსიძის გასამართლებლად თქვა, რომ მურუსიძე საქმეს პირველ ინსტანციაში ვერ დააბრუნებდა, რადგან გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი სააპელაციო სასამართლოს ნაცვლად, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. 

შავგულიძემ 10 აპრილს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს იმდენად სჭირდება მისგან კონტროლირებულ მოსამართლეთა დადებითად წარმოჩენა საზოგადოების თვალში და მათი სასამართლო სისტემაში შენარჩუნება, რომ ამისთვის სიცრუესა და ცილისწამებასაც კი არ ერიდება. 

შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ კიდევ ერთი მიზეზი, რითიც ივანიშვილის საქციელი იხსნება მთაწმინდის შუალედურ არჩევნებს უკავშირდება. შავგულიძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ძალიან შეაშფოთა თავისუფალი დემოკრატებისა და ევროპული საქართველოს საერთო ბლოკად გაერთიანებამ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში და აღარაფერს ერიდება მისი, როგორც ამ ბლოკის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დისკრედიტაციისთვის. 

21 მარტს, ევროპულმა საქართველომ და თავისუფალმა დემოკრატებმა პოლიტიკური ბლოკი შექმნეს და პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე, მთაწმინდის ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატი, შალვა შავგულიძე წარადგინეს. 

კომენტარები