ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები

ხოშტარია: ოცნების სტრატეგიაა დაქსაქსვა, დაშინება, ჩვენი და თავდემების გაერთიანების ეშინიათ

ტაბულა

"ქართული ოცნების სტრატეგიაა - დაქსაქსვა, დაშინება და ბუნებრივია ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების გაერთიანების ეშინიათ," - ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია, ირაკლი კობახიძის მიერ ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს. 

"პარლამენტის თავმჯდომარისგან მოვისმინეთ მორიგი აგრესიული განცხადება ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების ბლოკის წინააღმდეგ. ის აგრესია, რაც ირაკლი კობახიძის განცხადებაშია, კარგად აჩვენებს რამდენად არ სიამოვნებს, ტკივა და ეშინია ქართულ ოცნებას სწორედ ასეთი გაერთიანებების. მნიშვნელოვანია ის, რომ სწორედ ფასეულობების გაერთიანებაა ჩვენი და თავისუფალი დემოკრატების გაერთიანება და ჩვენ რა გაკვეთილებიც მივიღეთ წარსულიდან, არის ის, რომ შალვა შავგულიძე სამართლიანად იდგა პრინციპების სადარაჯოზე და სამართლიანად აკრიტიკებდა მაშინდელ ხელისუფლებას. სწორედ "ქართული ოცნება" ღალატობს ამ პრინციპებს და არასდროს არ იზიარებდა, რადგან მურუსიძე, რომელიც ამ დანაშაულის მონაწილე იყო, დღეს მათთვის საჭირო და გამოსადეგი ადამიანია და სწორედ მათ არ იციან ფასეულობები და პრინციპები, რადგან მთელ სასამართლო სისტემას აფუძნებენ ასეთი ტიპის მოსამართლეებით. ამიტომ, პრინციპებზე და ფასეულობებზე საუბარი "ოცნების" მხრიდან არის წარმოუდგენელი უტიფრობა. მათ უღალატეს სამართლიანობას და კანონის უზენაესობის პრინციპს," - თქვა ელენე ხოშტარიამ.

ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების მიერ საარჩევნო ბლოკის შექმნის შესახებ პარლამენტის თავმჯდოამრემ ირაკლი კობახიძემ გუშინ ისაუბრა და თქვა, "როდესაც საუბარი იყო მურუსიძეზე, ჩინჩალაძეზე და კონკრეტულ გვარებზე შალვა შავგულიძე გამოდიოდა და თავის პრინციპულ პოზიციას აფიქსირებდა. დღეს ეს ადამიანი დგას გირგვლიანის მკვლელების გვერდით. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანები, რომლებიც რაღაცეებზე გვედავებიან არ აქვთ არანაირი პრინციპები."

ევროპულმა საქართველომ და თავისუფალმა დემოკრატებმა პოლიტიკური ბლოკი შექმნეს და პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე, მთაწმინდის ოქლში, მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატად, შალვა შავგულიძე დაასახელეს.

კომენტარები