ჯულიან ასანჟი

რუსი მაღალჩინოსნები ასანჟის დაკავებაზე: ‘დემოკრატიის’ ხელი თავისუფლებას ახრჩობს

Al Manar TV

WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის დაკავებას რუსი მაღალჩინოსნები გამოეხმაურნენ. ისინი იმედოვნებენ, რომ ასანჟის უფლებები დაცული იქნება. ასანჟი 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსი ჰაკერების მოპარული იმეილების გაზიარებისთვის რუსეთის მთავრობასთან კავშირშიც დაადანაშაულეს.

“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მისი უფლებები დაცული იქნება,” - განაცხადა პუტინის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა ასანჟის დაკავებას Facebook-ზე გამოეხმაურა - “ ‘დემოკრატიის’ ხელი თავისუფლებას ახრჩობს.”

რუსეთის დუმის  საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსაეი ჩეპაც მხარს უჭერს ასანჟს - “ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო პლატფორმა, რათა დავიცვათ იმ ადამიანის უფლებები, ვინც საზოგადოებისთვის ფარული სიმართლის გამჟღავნებას შეეცადა.”

“ყველა ქვეყანა და პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლისთვისაც დემოკრატია მნიშვნელოვანია ამ კაცის ბედის გადაწყვეტაში მონაწილეობა უნდა მიიღოს,” - აღნიშნა ჩეპამ.

შეგახსენებთ, რომ 11 აპრილს ლონდონში ეკვადორის საელჩოში WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დააკავეს. ასანჟი საელჩოს თავს 2012 წლიდან აფარებდა. მას სექსუალური ძალადობისათვის გასამართლება ემუქრება. მისი დაკავების ორდერი შვედეთს ჰქონდა გაცემული გაუპატიურების ბრალდების გამო. ასანჟი ბრალდებას უარყოფს. მიუხედავად იმისა, რომ შვედეთმა ორდერი გააუქმა დიდი ბრიტანეთის მიერ გაცემული დაკავების ორდერი კვლავ ძალაშია.

ასანჟს ეკვადორის საელჩოსა და მთავრობასთან ურთიერთობა გასულ წლებში დაეძაბა. მთავრობა მას მოუწოდებდა შეეწყვიტა ონლაინ პოლიტიკური კომენტარების კეთება და ამის გამო მას ინტერნეტზე წვდომაც შეუზღუდა.

გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საელჩომ ასანჟს აცნობა, რომ 2018 წლის პირველი დეკემბრიდან მისი კვების და სამედიცინო ხარჯებს აღარ დაფარავდა და თუ ის სისუფთავეს არ შეინარჩუნებდა და რეგულარულ სამედიცინო შემოწმებას არ ჩაიტარებდა დიპლომატიურ თავშესაფარს დაკარგავდა.

2018 წლის სექტემბერში The Guardian-მა მოიპოვა ინფორმაცია რუსეთის მიერ ლონდონში ეკვადორის საელჩოდან ჯულიან ასანჟის გამოპარების შესახებ. გამოცემის მიხედვით რუსი დიპლომატები საიდუმლოდ განიხილავდნენ გეგმას, რომლის მიხედვითაც 2017 წლის დეკემბერში WikiLeaks-ის დამფუძნებელი ეკვადორის საელჩოდან დიპლომატიური მანქანით უნდა გამოეყვანათ და შემდეგ სხვა ქვეყანაში გადაეყვანათ. ასანჟი საბოლოოდ რუსეთში უნდა მოხვედრილიყო, საიდანაც მას ექსტრადიცია აღარ დაემუქრებოდა, თუმცა საბოლოოდ ეს ძალიან სარისკოდ მიიჩნიეს.

ანონიმური წყაროების მიხედვით ეკვადორის საელჩოში მოსკოვის საკონტაქტო პირი ფიდელ ნარვაეზი იყო. ნარვაეზმა წარსულში ედვარდ სნოუდენის ჰონგ კონგიდან მოსკოვში უსაფრთხოდ ჩასვლაშიც მიიღო მონაწილეობა. ეკვადორის პრეზიდენტის თქმით მაშინ ნარვაეზმა სნოუდენს მთავრობის ინფორმირების გარეშე მისცა სპეციალური საშვი. მან ასანჟის გამოპარების გეგმის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. გამოცემა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კრემლი ოპერაციას მხარს უჭერდა და მზად იყო ასანჟისათვის რუსეთში ცხოვრების უფლება მიეცა.

კომენტარები