თურქეთის არჩევნები 2019

სტამბოლში, სადაც ოპოზიციამ გაიმარჯვა, ერდოღანს არჩევნების ხელახლა ჩატარება სურს

The Sun Daily

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში, მერის არჩევნების ანულირებას ითხოვს. ამის შესახებ Reuters ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს. 

აღსანიშნავია, რომ ერდოღანის პარტია სტამბოლში დამარცხდა.

ერდოღანი ამბობს, რომ სტამბოლის ზოგიერთ უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამო პარტია უზენაეს საარჩევნო საბჭოს საგანგებო წერილით მიმართავს და ქალაქში ხელახალი კენჭისყრის ჩატარებას მოითხოვს.

"კანონის მიხედვით საარჩევნო ურნებთან მხოლოდ სახელმწიფო მოხელეები უნდა მუშაობდნენ, თუმცა ზოგიერთ უბანზე აღნიშნული წესი დარღვეული იყო", - ამბობს ის. 

თურქეთში ადგილობრივი არჩევნები 31 მარტს ჩატარდა. ქვეყნის 5 დიდ ქალაქში, მათ შორის, დედაქალაქ ანკარაში არჩევნები ოპოზიციური პარტიის კანდიდატებმა მოიგეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიამ 44.34% მიიღო, ხოლო ოპოზიციურმა "თურქეთის სახალხო რესპუბლიკის" პარტიამ კი - 30.12%. 

ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქში, სტამბოლში, ბოლო წუთამდე არავინ იცოდა, რომელი კანდიდატი გაიმარჯვებდა, რადგან ოპოზიციური პარტიისა და მმართველი პარტიის კანდიდატებს შორის განსხვავება ძალიან მცირე იყო. 

საბოლოოდ კი 48.79%-ით "თურქეთის სახალხო რესპუბლიკის" კანდიდატმა, ექრემ იმამოღლუმ, მოიგო, მის ოპონენტს მმართველი პარტიიდან ხმების 48.51% აქვს. 

პირველად ბოლო 25 წლის განმავლობაში ანკარაში ოპოზიციური პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა. "თურქეთის სახალხო რესპუბლიკის" კანდიდატმა, მანშურ იავაშმა, ხმების 50.91% დააგროვა, ხოლო მისმა ოპონენტმა მმართველი პარტიიდან კი - 47.09%. 

ოპოზიციამ გაიმარჯვა საპორტო ქალაქ იზმირშიც. "თურქეთის სახალხო რესპუბლიკის" კანდიდატმა, მუსტაფა ტუნჯ სოეირმა, ხმების 58.08% მიიღო, მმართველი პარტიის კანდიდატი კი ოპონენტს მკვეთრად ჩამორჩება - მას 38.66% აქვს. 

"თურქეთის სახალხო რესპუბლიკის" კანდიდატებმა ასევე გაიმარჯვეს ადანასა (53.63% - 42.83%) და ანტალიაშიც (50.62% - 46.25%).

არჩევნები თურქეთში მძიმე ვითარებაში ჩატარდა. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში და ასევე სტამბოლში სხვადასხვა კანდიდატების მხარდამჭერებს შორის შეტაკებები მოხდა, რომლის დროსაც 4 დამკვირვებელი მოკლეს, მათ შორის 2 ოპოზიციური პარტიის წევრი. ამასთან, დაშავდა ათობით ადამიანი.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა აღიარა, რომ მისი პარტია რამდენიმე ქალაქში დამარცხდა. მისი თქმით, მომავალი არჩევნები 2023 წლის ზაფხულში ჩატარდება. ის ხალხს დაჰპირდა, რომ მთავრობა ეკონომიკის გაძლიერებაზე იმუშავებს. 

თურქეთში ადგილობრივ არჩევნებზე 57 მილიონ ამომრჩეველზე მეტი იყო რეგისტრირებული.

კომენტარები