თურქეთის არჩევნები 2019

თურქეთის არჩევნების ხმების 99.75% დათვლილია - ამ მონაცემებით სტამბოლში ოპოზიციამ გაიმარჯვა

თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის "რესპუბლიკელი ხალხის პარტიის" კანდიდატი ექრემ იმამოღლუ
Washington Post

თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ხმების დათვლის პროცესი დასასრულს უახლოვდება. 

ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქ სტამბოლში ამ დროისთვის ხმების 99.75%-ია დათვლილი და ამ მონაცემებით ქალაქს ოპოზიციური პარტიის კანდიდატი ექრემ იმამოღლუ 48.79%-ით იგებს, თუმცა ეს მონაცემები, შესაძლოა, შეიცვალოს, რადგან მმართველი პარტიის კანდიდატი მხოლოდ რამდენიმე ათეული პროცენტით ჩამორჩება - მას 48.51% . 

პირველად ბოლო 25 წლის განმავლობაში ანკარაში ოპოზიციური პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა. ოპოზიციურმა კანდიდატმა მანშურ იავაშმა ხმების 50.90% დააგროვა, ხოლო მისმა ოპონენტმა მმართველი პარტიიდან კი - 47.10%. ანკარაში ამ დროისთვის ხმების 99.82%-ია დათვლილი. 

ოპოზიცია იმარჯვებს საპორტო ქალაქ იზმირშიც. ოპოზიციურმა კანდიდატმა, მუსტაფა ტუნჯ სოეირმა ხმების 58.06% მიიღო. მმართველი პარტიის კანდიდატი კი მას მკვეთრად ჩამორჩება - მას 38.67% აქვს. იზმირში ხმების 99.81%-ია დათვლილი. 

ოპოზიცია იმარჯვებს ქალაქ ადანასა (53.59% - 42.83%) და ანტალიაშიც (50.61% - 46.26%).

არჩევნები თურქეთში მძიმე ვითარებაში ჩატარდა. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში და ასევე სტამბოლში სხვადასხვა კანდიდატების მხარდამჭერებს შორის შეტაკებები მოხდა, რომლის დროსაც 4 დამკვირვებელი მოკლეს, მათ შორის 2 ოპოზიციური პარტიის წევრი. ამასთან, დაშავდა ათობით ადამიანი 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა აღიარა, რომ მისი პარტია რამდენიმე ქალაქში დამარცხდა. მისი თქმით, მომავალი არჩევნები 2023 წლის ზაფხულში ჩატარდება. ის ხალხს დაჰპირდა, რომ მთავრობა ეკონომიკის გაძლიერებაზე იმუშავებს. 

თურქეთში ადგილობრივ არჩევნებზე 57 მილიონ ამომრჩეველზე მეტი იყო რეგისტრირებული.

კომენტარები