სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ამის შესახებ განცხადებას სუს-ი ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ბასილიამ თურქეთში ჩატარებული ჩემპიონატის შესახებ, რომელიც სამინისტრომ დააფინანსა, ყალბი საბუთები წარადგინა, თითქოს მონაწილეობა 10-მა დელეგატმა მიიღო, სინამდვილეში კი ჩემპიონატზე 4 მონაწილე იყო წასული. ბასილიამ ამ ქმედებით სამინისტროს კუთვნილი 10 ათას ლარზე მეტი მიითვისა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის 18-22 აპრილს საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრების წევრებისათვის თურქეთის რესპუბლიკაში ქალაქ სტამბოლში შოტოკანის მე-9 ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სათანადო დაფინანსება გამოიყო. მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 4 სპორტსმენმა, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბ-მ, 2018 წლის 27 აპრილს და 28 მაისს, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარადგინა ყალბი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც თურქეთის რესპუბლიკაში გამართულ ჩემპიონატზე თითქოსდა საქართველოს ეროვნული ნაკრების 10 დელეგატი იყო მივლინებული. ხსენებული გზით და სამინისტროს მოტყუებით, კახა ბ. 6 მონაწილის გასამგზავრებლად გამოყოფილ, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კუთვნილ 10 441 ლარს დაეუფლა," - წერია განცხადებაში.
აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის კახა ბ-ს წარედგინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდება, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.





