აშშ

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრი კირსტენ ნილსენი თანამდებობას ტოვებს

კირსტენ ნილსენი
Reuters

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრი კირსტენ ნილსენი თანამდებობას ტოვებს.

გადადგომის თაობაზე წერილში ნილსენს ამ გადაწყვეტილების მიზეზები არ დაუკონკრეტებია.

"შიდა უსაფრთხოების რეფორმის მიმართულებით ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესის მიუხედავად მიმაჩნია, რომ შესაფერისი დროა, რათა გვერდზე გავდგე. ვიმედოვნებ, რომ შემდეგ მინისტრს კონგრესის და სასამართლოების მხარდაჭერა ექნენა იმ კანონების შესწორებაში, რომლებიც ხელს გვიშლიან ამერიკის საზღვრების დაცვაში და ხელს უწყობენ ეროვნულ დისკურსში უთანხმეობის გაღვივებას." ნათქვამია მის განცხადებაში.

ამის შესახებ საკუთარ ტვიტერზე დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც:

"შიდა უსაფრთხოების მინისტრი კირსტენ ნილსენი ამ თანამდებობას დატოვებს და მინდა მას მადლობა გადავუხადო გაწეული სამსახურისათვის. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მის მოვალეობას კევინ მაკალინანი, ამჟამად აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის კომისარი შეასრულებს. მე მჯერა, რომ ის საქმეს შესანიშნავად გაართმევს თავს!"

შეგახსენებთ, რომ ნილსენის შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გასული წლის ნოემბერშიც გავრცელდა, რადგან ტრამპი მისი მუშაობით უკმაყოფილო იყო, კერძოდ კი იმის გამო, რომ მან მექსიკიდან აშშ-ში არალეგალურად გადასული მიგრანტების რაოდენობის შემცირება ვერ შეძლო.

ნისლენმა პოსტი 2017 წლის დეკემბერში დაიკავა და ამ პოსტზე გენერალი ჯონ კელი შეცვალა. კელიმ ტრამპის ადმინისტრაცია 3 თვის წინ დატოვა.

თანამდებობაზე ნისლენის ყოფნის პერიოდში ტრამპის ადმინისტრაციას სასაზღვრო პოლიტიკის გამო პრობლემები არაერთხელ შეექმნა, მათ შორის იყო 35 დღიანი მთავრობის დახურვა და სასაზღვრო კედლის ასაშენებლად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. გარდა ამისა ნილსენს და ტრამპის ადმინისტრაციას აკრიტიკებდნენ მიგრანტების შვილების ოჯახებისაგან დაშორების გამო. ამავე პერიოდში გამკაცრდა პროცედურები თავშესაფრის მაძიებლებისათვის.

კომენტარები