კრიმინალი

ბათუმში ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ყაჩაღობაში ბრალდებულს 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ყაჩაღობისთვის ბრალდებული დამნაშვედ ცნო. წარსულში ძარცვისთვის ნასამართლევ გ.მ.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 მაისს, ძარცვისთვის ნასამართლევმა გ.მ.-მ, ქ.ბათუმში, უკანონოდ შეაღწია ვალუტის გადამცვლელ პუნქტ შპს "თაიმს"-ში და პისტოლეტის მსგავსი საგნით თანამშრომლის მიმართ განხორციელებული სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით შეეცადა დაუფლებოდა 10693 ლარის ოდენობის სხვადასხვა ვალუტას, რა დროსაც იგი შემთხვევის ადგილზე დააკავეს", - აღნიშნავენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, გ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გულისხმობს ყაჩაღობას საცავში უკანონოდ შეღწევით, ჩადენილს არაერთგზის, დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებული გ.მ. დამნაშავედ ცნო.

კომენტარები