პატრიოტთა ალიანსი

მარშანია: საზარელი ინციდენტი მოხდა, კვიციანს პატრიარქის ციტირებისას მიკროფონი გამოურთეს

​"პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატ ადა მარშანიას თქმით, გუშინ, 3 აპრილს, პარლამენტის სხდომაზე "ძალიან საზარელი ინციდენტი მოხდა".

ადა მარშანია განმარტავს, რომ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ემზარ კვიციანს მიკროფონი იმ დროს გამოურთო, როცა ის პატრიარქის ქადაგებას კითხულობდა.

"გუშინ აქ სადღაც 5-ის ნახევრის მერე საღამოს, ძალიან საზარელი ინციდენტი მოხდა. დარბაზში იყო 15-ოდე პარლამენტის წევრი, მეტი არა, ამიტომ მე თქვენ გთხოვთ, ნახეთ ჩანაწერი გუშინდელი სხდომისა, ის მონაკვეთი, სადაც ბატონი ემზარ კვიციანი კანონპროექტს მოახსენებდა პარლამენტს. ქალბატონმა პირველმა მოადგილემ, პირველმა ვიცე სპიკერმა პარლამენტისა, ქალბატონმა თამარ ჩუგოშვილმა მას მიკროფონი გამოურთო და შეაფასა ეს მისი გამოსვლა და მოხსენება, როგორც დისკრიმინაციული და არაეთიკური. უფრო მეტიც, მან გაბედა და გამოურთო ბატონ ემზარს მიკროფონი, იმ დროს, როდესაც ბატონი ემზარი ჩვენი სულიერი წინამძღოლის, ჩვენი პატრიარქის ქადაგებას კითხულობდა და ციტირებდა მას. ესეც შეაფასა, როგორც დისკრიმინაციული და არაეთიკური ტექსტი და საქციელი", - თქვა ადა მარშანიამ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ფრაქციის სახელით მიმართავს პარლამენტის ეთიკის კომისიას, რადგან მიიჩნევს, რომ ჩუგოშვილის საქციელი იყო არაეთიკური და დისკრიმინაციული.

"ხომ შევქმენით ახლა ჩვენ რაღაც სათაყვანებელი ეთიკის კომისია, იქ შეგვაქვს ჩვენ საჩივარი. გვინდა ეს არაეთიკური დ დისკრიმინაციული თავად საქციელი ქალბატონი ჩუგოშვილისა, იყოს განხილული ეთიკის კომისიაზე. აღშფოთებულია მოსახლეობა, ჩვენი საზოგადოება და მინდა გითხრათ ქალბატონო თამარ, თქვენ ბოდიშსაც არ იღებს, იცით თქვენ?", - აღნიშნა დეპუტატმა.

საქმე ეხება ემზარ კვიციანის ჰომოფობიურ და დისკრიმინაციულ განცხადებებს. გუშინდელ სხდომაზე დეპუტატმა წარმოადგინა ინიციატივა, რომლის მიხედვით ანტიდისკრიმინაციული კანონიდან "სექსუალური ორიენტაცია" და "გენდერული იდენტობა" უნდა ამოიღონ. კანონპროექტის წარდგენის დროს დეპუტატმა სხდომის მონაწილეებს ილია მეორეს სიტყვები შეახსენა - "როგორ შეიძლება უკანონობა დააკანონო, უკანონობის დაკანონება დიდი ცოდვაა". სხდომის წამყვანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა კვიციანს მიკროფონი გაუთიშა და შეახსენა, რომ დეპუტატმა დისკრიმინაციისგან თავი უნდა შეიკავოს და მის ინიციატივას დისკრიმინაციული უწოდა.

"გახსენებთ პარლამენტის წევრის ეთიკის ელემენტარულ პრინციპებს - თქვენ ვალდებული ხართ არ დაუშვათ, არ გაქვთ უფლება დისკრიმინაციული გამოსვლების. თქვენ ეს რომ ვერ მოახერხეთ, არ მიკვირს, რადგან მთლიანად თქვენი ინიციატივა არის სრულიად დისკრიმინაციული. ეს რომ არ გამოგივიდოდათ, ამაში გასაკვირია არაფერი იყო, მაგრამ სცადეთ მაინც ცოტა ეთიკურად გამოხატოთ მოსაზრებები ინიციატივასთან დაკავშირებით", - უთხრა ჩუგოშვილმა კვიციანს.

კომენტარები