ქართული კულტურის უძველესი ძეგლები

დაღესტანში ხელნაწერების გაციფრულებისას VI ს.-ში ასომთავრულით შესრულებული სახარება იპოვეს

Россия К

დაღსტნის რესპუბლიკაში ხელნაწერების გაციფრულების პროცესში ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის სპეციალისტებმა ქართულ დამწერლობაზე შესრულებული უძველესი მანუსკრიპტი აღმოაჩინეს. მკვლევარების თქმით, ძეგლი VI საუკუნეში ქართულ ენაზე დაწერილი სახარებაა.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსულენოვანი მედიები ავრცელებს. 

მკვლევარები არ ელოდნენ, რომ ერთის ნაცვლად ორ უძველეს მანუსკრიპტს აღმოაჩენდნენ. ჩვეულებრივი ხელნაწერი სხვა იშვიათი ეგზემპლარებისგან, ერთი შეხედვით, არაფრით გამოირჩეოდა. თუმცა, XI საუკუნის არაბულ დამწერლობაზე შესრულებულ ნაწერების უკან მათ უფრო ძველი ხელნაწერიც აღმოაჩინეს. 

"როგორც წესი, ჩვენ ხელნაწერებს ქაღალდის ხარისხით, სიძველითა და კალიგრაფიით ვათარიღებთ. და აქ ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ ეს ფურცელი არ ჰგავდა არცერთ იმ ფურცელს, რომელსაც ჩემი მუშაობის 20 წლის განმავლობაში შევხვედრილვარ. ის სხვა სტრუქტურის იყო,"- ყვება ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი შამილ შიხალიევი. 

მოგვიანებით შიხალიევმა აღმოაჩინა, რომ მის ხელში პალიმფსესტი აღმოჩნდა - ეს არის მეთოდი, რომლის დროსაც პერგამენტზე შესრულებულ ხელნაწერს გადარეცხავდნენ ხოლმე, რათა ზემოდან ახალი ტექსტი დაეწერათ. უძველეს პერიოდში ამ მეთოდს იძულებით მიმართავდნენ, რადგან ტექსტების დასაწერად კარგი ხარისხის მატერიის შოვნა ძალიან რთული იყო.

აღმოჩენა უნიკალურია თავისთავად, რადგან ეს პირველი მსგავსი ხელნაწერია, რომელიც დაღესტანში აღმოაჩინეს, თუმცა ეს არამხოლოდ მათთვის, არამედ საქართველოსთვისაც არის ღირებული. ხელნაწერი VI საუკუნეში ასომთავრულით შესრულებული სახარება აღმოჩნდა. ეს ნამუშევარი ქართული კულტურის სხვა ძეგლების გვერდით მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. 

"ჩვენ გვქონდა სხვადასხვა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ დაღესტანელ ხალხს იმიერკავკასიელ ხალხთან კონტაქტი ჰქონდა, კერძოდ, ამის შესახებ მტკიცებულებები ეთნოგრაფიულ და არქეოლოგიურ მასალებში იძებნება. და ეს აღმოჩენაც, ეს ხელნაწერიც, შესრულებული ქართულ ენაზე, კიდევ უფრო მეტად ამტკიცებს ამას," - ამბობს შამილ შიხალიევი. 

კომენტარები