დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ბესელია ევროსაბჭოს დელეგაციაში მისი კილაძით ჩანაცვლებაზე: ეს არის სულმდაბალი ქცევა

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, ეკა ბესელია ეხმაურება პარლამენტის გადაწყვეტლებას, რომლის მიხედვით ევროსაბჭოს მუდმივმოქმედ დელეგაციაში "ქართული ოცნებიდან" გასული დეპუტატები აღარ იქნებიან. ბესელია ამბობს, რომ ეს სულმდაბალი ქცევაა.

"სულმდაბალი ქცევაა ეს, როცა გგონია, რომ ამით სჯი ადამიანებს და რეალურად ქვეყანას აყენებ ზიანს. ვწუხვარ იმის გამოც, რომ ადამიანებს ვუყურებ თანამდებობისა და მდგომარეობის გამო როგორ უარს ამბობენ ელემენტარულ სამართლიან პოზიციაზე", - უთხრა დეპუტატმა რუსთავი 2-ს.

პარლამენტმა მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების განახლებული შემადგენლობის თაობაზე დადგენილების პროექტი გუშინ, 2 აპრილს დაამტკიცა.

ამ დადგენილებით 10 მუდმივმოქმედი დელეგაცია განახლდა, მათ შორის ევროსაბჭოს დელეგაციაც, რომლის წევრებიც ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატები ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე აღარ იქნებიან. მათ მმართველი პარტიის მოქმედი წევრები სოფიო კილაძე და არჩილ თალაკვაძე ჩაანაცვლებენ. 

გადაწყვეტილება ძალაში 2020 წლის 1 იანვრიდან შევა.

კომენტარები