საპრეზიდენტო არჩევნები 2018

საარჩევნო სისტემა - ევროპარლამენტარები მოგერინის მოუწოდებენ, მთავრობაზე ზეწოლა მოახდინოს

11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან და ქვეყნის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით წერილით მიმართა. 

2 აპრილით დათარიღებულ წერილში ევროპარლამენტარები ეყრდნობიან ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს, რომელიც მათი შეფასებით, 1991 წლის შემდეგ ყველაზე კრიტიკული დასკვნაა. ევროპარლამენტის 11 დეპუტატი, ასევე, საუბრობს ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას, საქმეზეც. 

ამასთან, ევროპარლამენტარები ფედერიკა მოგერინის მოუწოდებენ, რომ მმართველ გუნდზე ზეწოლა განახორციელოს, რათა ისინი ოპოზიციასთან შინაარსობრივ დიალოგში შევიდნენ და საქართველოში არჩევნები მთლიანად პროპორციული წესით 2024 წლის ნაცვლად, 2020 წელს ჩატარდეს.

"როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში, ევროკავშირთან ასოცირებულ ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირთან ძალიან ახლო და პოზიტიური ურთიერთობა აქვს, 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ეუთო/ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომლის დელეგაციაშიც ევროპარლამენტი მონაწილეობდა, 1991 წლის შემდეგ ყველაზე კრიტიკული შეფასებაა. არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებულ ანგარიშში მთავარი და კონკრეტული შეშფოთების საგანი ფართოდ გავრცელებული ხმების მოსყიდვა იყო. ასევე, სავარაუდო ანგარიშსწორების შიშის გამო ამომრჩევლებმა, შესაძლოა, ვერ შეძლეს არჩევანის თავისუფლად გაკეთება. ამასთან, ანგარიშში საუბარი იყო საჯარო მოხელეებზე ზეწოლასა და დაშინებაზე. 

უფრო მეტიც, თბილისში დაარსებულმა არჩევნებზე დამკვირვებელმა ორგანიზაცია ISFED-მა (საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიისთვის) არჩევნების კონტექსტში დაშინებისა და შევიწროების შესახებ ისაუბრა, კერძოდ კი, ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორ ია კერზაიაზე პოლიტიკურ ზეწოლაზე რამდენიმე დღით ადრე, სანამ მას ინსულტის შეტევა დაემართებოდა და შედეგად გარდაიცვლებოდა.

ორივე ანგარიში განგაშის ზარია ჩვენთვის, ევროპარლამენტის წევრებისა და საქართველოს მეგობრებისთვის, რომლებსაც გვსურს, რომ ამ ევროპულმა ქვეყანამ რეფორმების გზა გააგრძელოს, რათა ბოლომდე შეასრულოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. 

პოლიტიკური სტაბილურობა და ცივილიზებული პოლიტიკური კონკურენციის უზრუნველყოფა მომავალი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე სანდო თანამოსაუბრეები და ორგანიზაციები, კერძოდ, ვენეციის კომისია და საქართველოში სანდო დამკვირვებლები და არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიცაა მაგალითად, ISFED, დიდი ხნის განმავლობაში აცხადებენ, რომ საქართველოს შერეული საარჩევნო სისტემა, რომელიც სუპერუმრავლესობის შექმნისკენაა მიდრეკილი, მთავარი სისტემური პრობლემაა.

მოქმედი მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ იმის შესახებ, რომ 2020 წლის ნაცვლად 2024 წლამდე გადაიდო მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, დიდი კრიტიკა გამოიწვია ყველა ჩართული მხარისგან, კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოებისგან. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ყველა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ და სანდო სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა მიმართეს მთავრობას, რომ დაწყებულიყო დიალოგი იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე შეთანხმებას უკვე 2020 წლისთვის მიაღწიონ. 

ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი დიალოგი ამ საკითხზე და საბოლოო კომპრომისი აუცილებლად შეამცირებს საქართველოში ექსტრემალური პოლარიზაციის პროცესს. ამასთან, ჩვენ მოგიწოდებთ, საქართველოს მთავრობასთან მომდევნო კომუნიკაციითა და საქართველოში ევროსაბჭოს დელეგაციის დახმარებით, განახორციელოთ ზეწოლა მმართველ გუნდზე, რომ ისინი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან შინაარსობრივ დიალოგში შევიდნენ,"- წერია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი ევროპარლამენტარები - ანა გომეში (S&D), მაიკლ გალერი (EPP), რებეკა ჰარმსი (Greens, EFA), ნატალი გრისბეკი (ALDE), ჯული უორდი (S&D), ალინ სმითი (Greens, EFA), ტანია გონსალეს პენია (GUE/NGL), ხოსე ინაციო ფარია (EPP), ჟან ლამბერტი (Greens, EFA).

კომენტარები