აქცია ჭავჭავაძის გამზირზე

ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

EMC

ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება სასამართლო პროცესი.

შრომის უსაფრთხოების მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან დაწყებული აქცია ჭავჭავაძის გამზირზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები ადგილზე მთავრობის წარმომადგენლების მისვლას ითხოვდნენ. თბილისის მერმა აქციის მონაწილეებს "სამუშაო ფორმატში" შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. მომიტინგეები თბილისის მერის კახა კალაძის სახლთან მივიდნენ და სკანდირებდნენ - "გამოდი".

აქციის მონაწილებმა ჭავჭავაძის გამზირზე გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციამ მათ ამის საშუალებას არ მისცა და კორდონი გააკეთა. ამის გამო, სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ, მოქალაქეების ნაწილმა ღობე მოშალა და იმ ტერიტორიაზე შეიჭრა, სადაც 31 მარტს 2 ადამიანი დაიღუპა. წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის წინააღმდეგობისთვის პოლიციამ 6 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავა. 

"სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების” მიმდინარეობისას, ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მიწის მასა 31 მარტს, დღის მეორე ნახევარში ჩამოიშალა და ქვეშ მუშები მოიყოლა. 26 წლის მამაკაცის ცხედარი მალევე იპოვეს, 40 წლის კაცს კი, 8 საათის განმავლობაში ეძებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები