აქცია ჭავჭავაძის გამზირზე

კალაძე: როცა ვნახე კადრებში, ვინ იყვნენ აქციის ორგანიზატორები, ყველაფერი ნათელი გახდა

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, "გუშინ გამართულ აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი, რაც სამწუხაროა". პირველი არხის ცნობით, კალაძემ თქვა, რომ მისთვის გაუგებარია 1 აპრილს, ჭავჭავაძის გამზირზე მუშების დაღუპვის გამო გამართული აქციის მოთხოვნები.

"თბილისში ვბრუნდებოდი, როდესაც მითხრეს, რომ ახალგაზრდების ჯგუფი აპროტესტებს მუშების უფლებებს და ითხოვს შეხვედრას. იქ ჩამოთვლილი იყო პრემიერმინისტრი, გახარია, სერგეენკო, სხვადასხვა მინისტრები და მერიაც. თანხმობა განვაცხადე და გავავრცელეთ მიმართვა, რომ მზად ვიყავი, შევხვედროდი, ამ ადამიანებისთვის მომესმინა, მიმეწოდებინა ინფორმაცია, რა გაკეთდა ამ მიმართულებით.

თბილისის მერიაც იყო ინიციატორი ცვლილებების, რომელიც გასულ წელს ჩვენ დავაინიცირეთ. ეს ეხებოდა მშენებლობებზე რეგულაციების გამკაცრებას, მშენებლობაზე დასაქმებულების უფლებებს, მათ უსაფრთხოებას და ასე შემდეგ. ვიფიქრე, რომ ამ ყველაფერს ავუხსნიდი ახალგაზრდებს, თუმცა მერე როგორ განვითარდა მოვლენები, თავადაც დაინახეთ. როდესაც ვნახე კადრები, დავინახე, თუ ვინ იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. ამ აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი, რაც სამწუხაროა და არ გავაგრძელებ, ვინ დგას ამის უკან, ვინ მართავს ამ ყველაფერს“, - თქვა კახა კალაძემ პირველი არხის ინფორმაციით.

გუშინ, შრომის უსაფრთხოების მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან დაწყებული აქცია ჭავჭავაძის გამზირზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები ადგილზე მთავრობის წარმომადგენლების მისვლას ითხოვდნენ. თბილისის მერმა აქციის მონაწილეებს "სამუშაო ფორმატში" შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. მომიტინგეები თბილისის მერის კახა კალაძის სახლთან მივიდნენ და სკანდირებდნენ - "გამოდი".

აქციის მონაწილებმა ჭავჭავაძის გამზირზე გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ამის შემდეგ, მოქალაქეების ნაწილმა ღობე მოშალა და იმ ტერიტორიაზე შეიჭრა, სადაც 31 მარტს 2 ადამიანი დაიღუპა. წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის წინააღმდეგობისთვის პოლიციამ 6 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავა, რამდენიმე საათში კი, ხელწერილით გაათავისუფლა.

"სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების” მიმდინარეობისას, ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მიწის მასა 31 მარტს, დღის მეორე ნახევარში ჩამოიშალა და ქვეშ მუშები მოიყოლა. 26 წლის მამაკაცის ცხედარი მალევე იპოვეს, 40 წლის კაცს კი, 8 საათის განმავლობაში ეძებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები