უკრაინის ცესკო: 60% დათვლილია, ზელენსკი - 30,36%; პოროშენკო 16,40%

Brendan Hoffman/Getty Images

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების 60%-ზე მეტი დათვალა, ეს 11 მილიონი ამომრჩეველია. 

ცესკოს ცნობით, ხმების 30,36% ვლადიმირ ზელენსკიმ მიიღო, რომელიც წარსულში კომედიანტი იყო და ერთ-ერთ ტელეშოუში შემთხვევით პრეზიდენტსაც თამაშობდა. 

უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ხმების 16,40% მიიღო. 

პარტია ბატკივშინას ლიდერს, იულია ტიმოშენკოს მხარი ამომრჩეველთა 13,08%-მა დაუჭირა და მესამე ადგილზე გავიდა. 

ეს შედეგები ნიშნავს, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ზელენსკი და პოროშენკო დაუპირისპირდებიან. 

ვლადიმერ ზელენსკი პარტიიდან „ხალხის მსახური“ ახალი სახეა უკრაინულ პოლიტიკაში. ის არის ცნობილი უკრაინელი კომიკოსი და მსახიობი, რომელსაც პოლიტიკაში გამოცდილება არ აქვს. ზელენსკი მონაწილეობას იღებდა პოპულარულ კომედიურ სერიალში “ხალხის მსახური“. სერიალში ის თამაშობს სკოლის ისტორიის მასწავლებლის როლს, რომელიც მომავალში მოულოდნელად უკრაინის პრეზიდენტი ხდება. მან თავის ახალ პარტიას სერიალის სახელწოდება დაარქვა. ზელენსკის მხარდამჭერთა ნაწილი კანდიდატს მის პერსონაჟთან აიგივებს.

კანდიდატს საეჭვო კავშირი აქვს ოლიგარქ იგორ კოლომოისკისთან. ოლიგარქი ფლობს უკრაინის ერთერთ წამყვან ტელევიზიას ‘1+1’, რომელიც მხარს უჭერს ზელენსკის კამპანიას. ზელენსკის თქმით, ამაში უცნაური არაფერია, რადგან უკრაინაში ყველა დიდ ბიზნესს ოლიგარქები ფლობენ. კოლომოისკის თაღლითობის ბრალდებით სამართლებრივი დავა ჰქონდა პოროშენკოს მთვარობასთან. მისი PrivaBank - ქვეყნის ყველაზე დიდი ბანკი 2016 წელს სახელმწიფო დაქვემდებარებაში გადავიდა. ზელენსკის გამარჯვების შემთხვევაში ეჭვობენ, რომ გადაწყვეტილებების მიმღები სწორედ კოლომოისკი იქნება.

მსახიობის კომედიური შოუ რუსეთშიც პოპულარულია, ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, მისი კომედიური შოუ Kvartal 95 ფულს რუსული კომპანიისგან იღებს. კანდიდატის თქმით, მან რუსეთთან კავშირი რამდენიმე წლის წინ გაწყვიტა .

"განსხვავებით სხვა დიდი პოლიტიკოსებისგან, მე არ მინდა ყალბი დაპირებების გაცემა... მინდა დაგპირდეთ, რომ სწორი გზით წავალ,"- თქვა ზელენსკიმ. ის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მუშაობისთვის მზად არის, ასევე მისი დაპირებით სასამართლო პოლიტიკური გავლენისგან დამოუკიდებელი გახდება. მისი საგარეო პოლიტიკა ჯერჯერობით უცნობია. მან Facebook გამოკითხვით მომხმარებლებს ჰკითხა დაესახელებინა ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რასაც მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში გადაწყვეტდა. მისი თქმით, ის "ეშმაკთან მოლაპარაკებისთვისაც" არის მზად, რადგან დონბასში სამხედრო გამარჯვება შეუძლებელია .

თებერვლის დასაწყისში ზელენსკიმ წამოიწყო კამპანია #მეკლოუნი (#ЯKлоун). კამპანია ერთი მხრივ, მის პროფესიას მიემართებოდა, მეორე მხრივ კი იმ გზავნილს ატარებდა, რომ უკრაინელები ჯამბაზების როლში აღმოჩნდნენ, როდესაც პოლიტიკურ ელიტას მათი გაძარცვის უფლება მისცეს. კამპანიის ფარგლებში ასობით უკრაინელმა ვიდეო დაპოსტა, სადაც, ჯამბაზივით, წითელი ცხვირები ეკეთათ.

ზელენსკის უმეტესად ახალგაზრდები უჭერენ მხარს აღმოსავლეთ, სამხრეთ და ცენტრალური რეგიონებიდან. ისინი არჩევნებში მონაწილოებას აქტიურად არ იღებენ, თუმცა მობეზრდათ მაედანის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა დებატები და სიახლეს სერიალის გმირში ხედავენ.

კომენტარები