დაპირისპირება ჭიდაობის ფედერაციაში

ფედერაცია: დათუნაშვილის გაშვება-არგაშვებაზე არ გვიმსჯელია და არც მისთვის გვიცნობებია რამე

ზურაბ დათუნაშვილი

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედრაცია მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის განცხადებას ეხმაურება და "კატეგორიულად უარყოფს" მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან ფედერაციისგან მიიღო პასუხი, რომ სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლება არ მიეცემა და ამის თვითნებურად გაკეთების შემთხვევაში დაისჯება ორწლიანი დისკვალიფიკაციით.

"ზურაბ დათუნაშვილმა 23 თებერვალს გამართულ პრეზიდიუმის სხდომაზე პირადად მოისმინა, რომ ფედერაცია ტიტულოვანი სპორტსმენის სხვა ქვეყანაში წასვლას არასოდეს დაუჭერდა მხარს და ამ საკითხს არც კი განიხილავდა. ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას დათუნაშვილის გაშვება-არგაშვების თემაზე არ უმსჯელია და არც დათუნაშვილისთვის უცნობებია რამე.

რაც შეეხება დისკვალიფიკაციის თემას, მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების წესდების თანახმად, თუ ერთი ქვეყნის ნაკრების წევრი თვითნებურად გადაწყვეტს სხვა ქვეყნის ნაკრებში გადასვლას, ისჯება ორწლიანი დისკვალიფიკაციით. ზურაბ დათუნაშვილის შემთხვევაშიც, თუკი წესი დაირღვევა, სანქციას დააწესებს მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანება და არა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია“ - ნათქვამია ფედრაციის განცხადებაში.

მოჭიდავემ განცხადება 29 მარტს გაავრცელა. მასში დათუნაშვილი წერდა, რომ ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის მხილების გამო იძულებულს ხდიან, კარიერაზე უარი თქვას.

1 იანვარს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დღეს, სპორტის სასახლეში დაპირისპირებისას, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს გეგა გეგეშიძე ფიზიკურად გაუსწორდა. თვითმხილველის მიერ ტელეფონით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ გეგეშიძეს ხელში ჯაჭვი უჭირავს, რომელსაც მოჭიდავის მიმართულებით იქნევს, შემდეგ კი მუშტს ურტყამს. თავად გეგა გეგეშიძე დარტყმის ფაქტს უარყოფს და დაპირისპირების ფაქტს "უფრო შეხლა-შემოხლას" უწოდებს. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზეც დატოვა. ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაზე გეგა გეგეშიძემ ზურაბ დათუნაშვილს ბოდიში მოუხადა, თუმცა, მოჭიდავის მოთხოვნა უცვლელია - ის გეგეშიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.

კომენტარები