უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები 2019

ტიმოშენკომ უკრაინის საზმაუზე ეთერი დატოვა, რადგან არცერთი ოპონენტი დებატებზე არ მივიდა

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი იულია ტიმოშენკო ერთადერთი აღმოჩნდა იმ სამ წამყვან კანდიდატს შორის, რომელიც ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელზე საპრეზიდენტო დებატებზე მისვლას დათანხმდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად არც ის აპირებდა დებატებზე მისვლას. 

ტიმოშენკომ გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მას შემდეგ შეცვალა, რაც მედიაში დაიწერა, რომ მისი ოპონენტები მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერი, მსახიობი ვლადიმირ ზელენსკი დებატებზე არ მივიდოდნენ. 

პრეზიდენტობის კანდიდატმა ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხების გაცემაზე უარი თქვა და დარბაზი ეთერი იმ მიზეზით დატოვა, რომ მას ოპონენტებთან დებატები სურდა. 

"მე სადებატოდ მოვედი, თუმცა არავინაა, ვისაც შეიძლება, ვედებატო,"- ამ განცხადებით ტიმოშენკომ ტელევიზიის სტუდია დატოვა. 

უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერში სადებატოდ კვლევების მიხედვით 3 წამყვანი კანდიდატი მიიწვია - იულია ტიმოშენკო, პეტრო პოროშენკო და ვლადიმირ ზელენსკი. 

გადაცემა უკრაინის დროით 18:30 საათზე დაიწყო. გეგმის მიხედვით, მაყურებლებს ონლაინ რეჟიმში გადაცემის ყურების პარალელურად თავიანთი რჩეული კანდიდატისთვის ხმა უნდა მიეცათ. როგორც უკრაინული მედია წერს, მაუწყებელმა ბოლო დღემდე არ იცოდა, თუ რომელი კანდიდატი მივიდოდა დებატებზე, სადაც მათ თავიანთი სტრატეგია უნდა წარედგინათ და წამყვანების, ექსპერტებისა და აუდიტორიის შეკითხვებისთვის ეპასუხათ. 

30 მარტს უკრაინაში დუმილის დღეა გამოცხადებული, რომლის დროსაც პრეზიდენტობის კანდიდატებს საარჩევნო აგიტაცია აკრძალული აქვთ, ხოლო 31 მარტს ქვეყანა ახალ პრეზიდენტს აირჩევს. 

ბოლო სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, მსახიობი ვლადიმერ ზელენსკი 23%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზე ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოა, რომელსაც 16.40% აქვს, ხოლო იულია ტიმოშენკოს მასზე თითქმის 1%-ით ნაკლები - 15.70% აქვს. 

კომენტარები