ზვიად გამსახურდიას საქმე

გამსახურდიას საქმეზე საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნება, მას მთავარი პროკურორი უხელმძღვანელებს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას ინფორმაციით, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნება, რომელსაც გენერალური პროკურორი უხელმძღვანელებს. შალვა თადუმაძესთან შეხვედრის შემდეგ გამსახურდიამ თქვა, რომ შიმშილობას წყვეტს. მისივე თქმით, შალვა თადუმაძესთან საუბრის დროს "საკმარისი გარანტიები" მიიღო.

"თადუმაძე შეგვპირდა, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა ეს ჯგუფი შეიქმნას. ის პირადად უხელმძღვანელებს ამ ჯგუფს. შემდეგი სამუშაო შეხვედრა იანვრის ბოლოს დავგეგმეთ. ჩემთვის მთავარი პროკურორის ის დამოკიდებულება და სიტყვები, რომლებიც დღეს მოვისმინე, არის იმის გარანტია, რომ ეს ყველაფერი შესრულდება და შესაბამისად, მე ვწყვეტ შიმშილობას", - განაცხადა გამსახურდიამ ინტერპრესნიუსის ცნობით.

პირველი პრეზიდენტის შვილებმა 14 დეკემბერს საქართველოს პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყეს. მათი მოთხოვნა იყო, ზვიად გამსახურდიას საქმეს არ შეხებოდა ხანდაზმულობის ვადა, რომელიც 31 დეკემბერს იწურებოდა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მიმართა, გაგრძელებულიყო გამოძიების ვადა, საკანონმდებლო ორგანომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და გამსახურდიას საქმეზე ხანდაზმულობის ვადა 5 წლით გაზარდა, თუმცა პირველი პრეზიდენტის შვილები საქმის დროულ გამოძიებასა და სპეციალური პროკურორის დანიშვნასაც ითხოვდნენ.

კომენტარები