საბავშვო ბაღები

ბაღების აღმზრდელები პირველადი სამედიცინო დახმარების კურსს გაივლიან

ტაბულა

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო საბავშვო ბაღების 2 550 აღმზრდელს პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით გადაამზადებს. ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა.

თბილისის მერის თქმით, სასწავლო პროგრამის მიზანი ბავშვების უსაფრთხოების და მათთან კონტაქტში მყოფი პერსონალის პასუხისმგებლობის გაზრდაა.

"ყველა ბაღს ჰყავს ჯანმრთელობის კოორდინატორი, რომელიც შესაბამის პროფესიონალურ ჩარევას უზრუნველყოფს კონკრეტულ სიტუაციებში, თუმცა პირველადი დახმარების გაწევა აბსოლუტურად ყველა აღმზრდელს უნდა შეეძლოს. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ ჩვენი პატარები  სრულფასოვან, უსაფრთხო გარემოში სწავლობდნენ. ამ მიზნით დაწყებული გვაქვს ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა. დღეისთვის, დედაქალაქის ბაგა-ბაღებში 61 000 აღსაზრდელი გვყავს, თუმცა მოთხოვნა დიდია და ყოველწლიურად იზრდება. მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, მომდევნო წლების განმავლობაში, დედაქალაქში დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე ათეული საბავშვო ბაღის მშენებლობა", - თქვა კახა კალაძემ.

მერიის ინფორმაციით, სპეციალური ტრენინგ-კურსისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა. ტენდერის პირობების მიხედვით, აღმზრდელებისთვის შემუშავებული იქნება სასწავლო პროგრამა, რაც თეორიული სწავლებასა და პრაქტიკულ გაკვეთილებს მოიცავს.

კომენტარები