სმიტების ოჯახის საქმე

სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. ნაფიცმა მსჯულებმა მალხაზ კობაური რამდენიმე დღის წინ დამნაშავედ ცნეს, სასჯელის შესახებ გადაწყვეტილება კი გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დღეს გამოაცხადა. 

12-მა ნაფიცმა მსაჯულმა მალხაზ კობაური დამნაშავედ სცნო სსკ-ს 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ", მე-2 ნაწილის "ბ", მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მკვლელობასა და გაუპატიურებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მსაჯულებმა კობაურს გამამართლებელი ვერდიქტი დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლში გამოუტანეს.

შეგახსენებთ, რომ სმიტების ოჯახის სამი წევრი ხადას ხეობაში 4 ივლისს მოკლეს. დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის, მათ შორის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მალხაზ კობაური დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ცნობით, 4 ივლისს ხადას ხეობაში დაღუპული ოჯახის ორი წევრი მოკლული იყო - კაცი და ბავშვი, ხოლო ქალი გაქცევისას ხევში გადავარდა.

9 ნოემბერს მალხაზ კობაურს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. გამოძიების ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნების მიღების შემდეგ, კობაურს ბრალად ედებოდა არა მხოლოდ მამა-შვილი სმიტების მკვლელობა, არამედ ლორა სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა.

კომენტარები