ევროპარლამენტი

ევროპარლამენტმა საავტორო უფლებების ახალ კანონს მხარი დაუჭირა

Verdict

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საავტორო უფლებების კანონს, რომელიც კრიტიკოსების აზრით ინტერნეტს შეცვლის.

მას მხარი ევროპარლამენტის 348 წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 278 იყო.

ახალი კანონი კომპანიებს საავტორო უფლებების შესაფერისი დაცვის გარეშე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებლობას დააკისრებს.

ზოგიერთი მოსაზრებით ეს დირექტივები ხელოვანებს და სხვადასხვა მასალის შემქმნელებს სათანადო კომპენსაციის მიღების საშუალებას მისცემს და ამასთანავე საავტორო უფლებების დაცვის პასუხისმგებლობას მომხმარებლიდან კომპანიაზე გადაიტანს თუმცა მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ ამით შემცირდება მომხმარებლების მიერ შექმნილი მასალის რაოდენობა და პლატფორმები უფრო დახურული გახდება.

აღსანიშნავია კანონის ორი ნაწილი, რომელთა თაობაზე აზრთა ყველაზე დიდი სხვადასხვაობაა. მეთერთმეტე მუხლის მიხედვით საძიებო სისტემებმა და პლატფორმებმა საინფორმაციო სააგენტოების ვებგვერდებიდან ლინკების გამოყენებისათვის უნდა გადაიხადონ, ხოლო მეცამეტე მუხლის მიხედვით ტექნოლოგიების კომპანიები პასუხისმგებლები ხდებიან ლიცენზიის გარეშე განთავსებულ მასალაზე, რის გამოც მათ საკუთარ პლატფორმებზე ფილტრების განთავსება მოუწევთ. გამონაკლისებს წარმოადგენს ქლაუდი და სხვა სერვისები, სადაც მასალა ინახება. ასევე პაროდიული მასალა, მათ შორის მიმები, მცირე ზომის ვიდეოები და სხვა ტიპის ფართოდ გავრცელებული მასალა.

იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები გადაწყვეტილებას დაეთანხმებიან, მათ ახალი რეგულაციების იმპლემენტაციისათვის 2 წელი ექნებათ.

გუგლში ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირველი ვერსიისაგან განსხვავებით დირექტივა, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო უფრო კარგადაა დამუშავებული, მაინც რჩება ბევრი კითხვა დეტალებთან დაკავშირებით და ამაზე მუშაობას აქტიურად გააგრძელებენ.

კომენტარები