ომეგა ჯგუფის საქმე

გახარია: ჩემი საქმე არ არის, ჩაიყვანეს თუ არა ყიფიანი სარდაფში, არ დავინტერესებულვარ

შსს

"ეს საერთოდ ჩემი საქმე არ არის" - ასე უპასუხა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, ჩაიყვანა თუ არა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ სპორტის ყოფილი მინისტრი ლეან ყიფიანი სარდაფში. გახარიამ TV პირველის გადაცემა "პირველების" წამყვანებს მოუწოდა, ეს თავად ლევან ყიფიანს კითხონ. 

"მას ჰკითხეთ, მე რას მეკითხებით, ჰკითხეთ მას... ობიექტური რეალობა ის არის, რომ 2012 წლამდე იყო ქონების გადაფორმების 10 000 შემთხვევა და ახლა ნახეთ. მაგრამ თქვენ არ გინდათ, რუტინული სამუშაო გააკეთოთ, წახვიდეთ და მოიძიოთ ინფორმაცია, თქვენ გირჩევნიათ, ვიღაცის ფარულ ჩანაწერებს მოუსმინოთ და მერე გამოხვიდეთ და თქვათ, რომ ეს არის ინფორმაცია" - თქვა გახარიამ.

შს მინისტრის თქმითვე, ჰყავდათ თუ არა ლევან ყიფიანი ჩაყვანილი სარდაფში, ეს გამოძიების დასადგენი საკითხია. კითხვაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს გამოძიება, გიორგი გახარია პასუხობს, რომ რამდენიც "ფორმალური იურიდიული საფუძველი არსებობს". ის ასევე აღნიშნავს - "არ დავინტერესებულვარ [ჩაიყვანეს თუ არა]". 

რამდენიმე თვის წინ, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა რუსთავი 2-თან საუბარში თქვა, რომ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძემ საბურთალოზე, ერთერთი სახლის სარდაფში ჩაკეტა და მას შეურაცხყოფის მიყენებით დაემუქრა. ოქუაშვილი იხსენებს, რომ მუქარა "ომეგა ჯგუფისთვის" ქრთამის სახით მოთხოვნილ 4 მილიონს უკავშირდებოდა. ოქუაშვილის თქმით, ქრთამის გადახდა მას თავდაპირველად ოთარ ფარცხალაძემ მოსთხოვა, რის შემდეგაც ოქუაშვილმა ლევან ყიფიანს სთხოვა გაეგო, მოქმედებდა თუ არა ფარცხალაძე ივანიშვილის დავალებით. "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის თქმით, იმის ნაცვლად რომ ყიფიანი პირდაპირ ივანიშვილთან მისულიყო, ის მაშინდელ პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მოუყვა აღნიშნულის შესახებ. შემდგომში კი როდესაც ივანიშვილმა ეს კვირიკაშვილისგან შეტყო, ოთარ ფარცხალაძის ხელით ყიფიანის დასჯა გადაწყვიტა. 

ინტერვიუსთან ერთად, რუსთავი 2-ს ოქუაშვილმა მიაწოდა ფარული ჩანაწერი, სადაც ყიფიანი თავად იხსნებს სარდაფში მომხდარს, თუმცა მის დეტალებს არ ყვება.

2018 წლის 3 ოქტომბერს ლევან ყიფიანი სასამართლოში გამოიკითხა. მან მედიასთან ჩანაწერების არსებობა დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ ისინი დადგმული იყო და ზაზა ოქუაშვილი მასთან შეთანხმებით აკეთებდა, რადგან უცხოელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან წნეხში დაერწმუნებინა. ლევან ყიფიანმა ოთარ ფარცხლაძის მხრიდან ზეწოლის ფაქტი უარყო.

კომენტარები