ომეგა ჯგუფის საქმე

კობახიძე: ოქუაშვილს სპექტაკლი ჩაუვარდა და ლოგიკურია, რომ დაიწყო საკუთარი ვალის გადახდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ზაზა ოქუაშვილს არ გამოუვიდა სპექტაკლის მეშვეობით ვალის გადახდისგან თავის არიდება და ახლა ლოგიკური იყო, რომ მან ამ ვალის გადახდა დაიწყო". მისი თქმით, ყველა ადამიანი ვალდებულია გადასახადები გადაიხადოს.

"მე უკვე ვთქვი, რომ სპექტაკლი ჩავარდა. ერთ-ერთი სპექტაკლი  დაკავშირებული იყო სწორედ ოქუაშვილთან, რომელიც ცდილობდა ამ სპექტაკლის მეშვეობით ვალის გადახდისგან თავის არიდებას, ჩავარდა ეს სპექტაკლი და ახლა ლოგიკური იყო, რომ მან დაიწყო საკუთარი ვალის გადახდა. ანუ, მას არ გამოუვიდა ვალისგან თავის არიდება ამ სპექტაკლის მეშვეობით, რომელიც იყო დადგმული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ნიკა გვარამიასთან ერთად და შედეგი სახეზეა. ყველა ადამიანი არის ვალდებული, რა თქმა უნდა, გადაიხადოს გადასახადები და ეს არის, ბუნებრივია, ბატონი ოქუაშვილის ვალდებულებაც“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის მიერ ომეგა ჯგუფის საქმეთან დაკავშირებით გავრცელებულ არაერთ ჩანაწერთან დაკავშირებით.

საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „ომეგა ჯგუფმა“ გუშინ 1 მლნ ლარის დავალიანება გადაიხადა და წარმოების განახლების ნებართვა ითხოვა. ამის შესახებ შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მათ გაითვალისწინეს კომპანიის მოთხოვნა და ინკასო მოხსნეს, ასევე ყადაღა მოეხსნა მხოლოდ საბრუნავ საშუალებებს, რათა კომპანიამ წარმოების განახლება შეძლოს.

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, დღეის მდგომარეობით "ომეგა ჯგუფის" დავალიანება ბიუჯეტის წინაშე 52.8 მილიონ ლარს აჭარბებს. შ

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მარტში შემოსავლების სამსახურმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს "ოჯთ"-ს დაყადაღებული ქონების რეალიზაციაზე ნებართვის მისაღებად.  სასამართლომ 2018 წლის ივნისში დააკმაყოფილა შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა, რომელიც კომპანიამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა კომპანიის საჩივარი და შემოსავლების სამსახურს მიეცა იურიდიული უფლება დაყადაღებული ქონება აუქციონზე გაიტანოს. 

ამასთანავე, "ომეგა ჯგუფს" 84- მილიონიანი დავალიანება აქვს საქართველოს ბანკის წინაშე. ბანკის განცხადების მიხედვით, ზაზა ოქუაშვილის კომპანია სასესხო ვალდებულებას 2016 წლის შემდგომ აღარ ასრულებს. 

კომენტარები