ომეგა ჯგუფის საქმე

ჩხეიძე ხაზარაძეს: როგორც ჩანს, თქვენ ღირსი ბრძანდებით იმ ამბისა, რა დღეშიც ახლა ხართ

ნატო ჩხეიძე
საქართველოს პარლამენტი

"როგორც ჩანს, ბატონო მამუკა, უკაცრავად, მაგრამ თქვენ ღირსი ბრძანდებით იმ ამბისა, რა დღეშიც ახლა ხართ" - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ TBC ბანკის დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს, მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა ომეგა ჯგუფის საქმეზე განაცხადა, რომ ბანკიდან თანხა კომპანიის დირექტორებმა გაიტანეს მათივე ხელმოწერით.

"თქვენი ბანკიდან თქვენი ზეპირი მითითების საფუძველზე გაიცა მილიონობით თანხა, ნაღდი კუპიურის სახით, მაშინ როცა ბანკს არ ჰქონდა ბენეფიციარი მესაკუთრის დოკუმენტაცია. ეს იყო იძულება თქვენი მხრიდან. მაინტერესებს, მაშინდელი ორკესტრირებული იძულების დირიჟორი და ახლანდელი, არის თუ არა იდენტური" - მიმართა ნატო ჩხეიძემ მამუკა ხაზარაძეს.

თიბისი ბანკის დამფუძნებელმა დეპუტატის ბრალდება უარყო. მისი მტკიცებით, თანხა კომპანიის დირექტორებმა გაიტანეს მათივე ხელმოწერით.

"ახლა დაბრალება ჩვენზე, რომ თქვენივე ანგარიშიდან დირექტორმა თანხა რატომ გაიტანა, იმიტომ, რომ ჩვენ უნდა გაგვეკონტროლებინა თურმე, ეკუთვნოდა მას თუ არ ეკუთვნოდა, ამას ვერ მივიღებ, ვერც იმას მივიღებ, რომ შეიძლება, მე ვინმეს დავურეკე, ასეთი პრაქტიკა ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა" - თქვა მამუკა ხაზარაძემ, რამაც ნატო ჩხეიძის პროტესტი გამოიწვია.

"ამ წლის ორკესტრირებული შეტევის ერთი გვარი დაასახელეთ თქვენ, გახარია და 2016 წლის 21-22 აპრილს, თქვენზე იძულების გამო, თქვენი ბანკის მიერ უკანონოდ გაცემული ორკესტრირებული შეტევის ერთერთი ორკესტრანტი სწორედ ბატონი გახარია გახლდათ. ახლა რასაც თქვენ ბრძანებთ, რომ დირექტორების მიერ იყო გატანილი, დიახ, ბატონო ჩემო, მაგრამ თქვენ მშვენივრად იცით, რომ ბენეფიციარი მესაკუთრის დოკუმენტაციის არარსებობის დროს, თქვენ არ გქონდათ უფლება და თქვენს ბანკს არ ჰქონდა უფლება, ეს თანხა გაეტანა. ბანკის თანამშრომელები ამას არც აკეთებდნენ, მაგრამ გააკეთეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბატონმა ბუცხრიკიძემ მისცა დავალება, ხოლო ბატონ ბუცხრიკიძეს დავალება მიეცით თქვენ. ძალიან ცუდია, ბატონო მამუკა, რომ მთელი პასუხისმგებლობით ახლა თქვენ ამას აცხადებთ. სამწუხაროდ, თქვენ მოგიწევთ სიმართლის თქმა იქ, სადაც მეტი პასუხისმგებლობაა სიმართლისა. მე თქვენ გითხარით, რომ მე სოლიდარული ვიყავი თქვენს მიმართ და დავრჩები სოლიდარული, მაგრამ როგორც ჩანს ბატონო მამუკა, უკაცრავად, მაგრამ თქვენ ღირსი ბრძანდებით იმ ამბისა, რა დღეშიც ახლა ხართ. სამწუხაროდ, ასე გამოდის. მე რა დავაშავე, თორემ დანარჩენი კი ნამდვილად ასეა" - თქვა ნატო ჩხეიძემ, რის შემდეგაც, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა დატოვა.

შეგახსენებთ, რომ "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მას დახმარების სანაცვლოდ 4 მლნ მოსთხოვა და შემდეგ, ახლადშექმნილი კომპანიის მეშვეობით, გადაარიცხინა. ომეგას წარმომადგენლები ამბობენ, რომ რადგან კომპანია ერთი დღის დაფუძნებული იყო და თანხა გვიან გადაირიცხა, იმედი ჰქონდათ, რომ ანგარიშზე აისახებოდა, თუმცა TBC ბანკი გატანის საშუალებას არ მისცემდა.

"ლევანი ძალიან ნერვიულობდა მაშინ, დარბოდა, რეკავდა. უნდოდა, რომ დაერეგულირებინა ეს საკითხი, რომ ფულის გამოტანა მომხდარიყო. პასუხი არ მოდიოდა. რომ გახდა უკვე 18:00 საათი, ჩვენ გაგვიხარდა, რომ ვერ გამოვიტანდით ამ თანხას ვერანაირად. შვიდის ნახევარზე დავინახეთ, რომ შემოვიდა ბანკში ხაზარაძეც, ბუცხრიკიძეც და მესამე თანმხლები პირი, რომელსაც ვერ ვცნობ დღეს და არც მაშინ, ჩემთვის უცნობი პირი იყო", - ამბობს ომეგა 2-ის დირექტორი, გიორგი ქურდაძე რუსთავი 2-თან და აღნიშნავს, რომ ბანკი ზეწოლის ქვეშ იყო.

გარდა ამისა, რუსთავი 2-მა 1 ოქტომბერს აუდიოჩანაწერიც გაავრცელა. ტელეკომპანიის მტკიცებით, ჩანაწერით დასტურდება, რომ TBC ბანკიდან 4 მილიონის გატანის ოპერაციაში უშუალოდ ჩართულები იყვნენ ყოფილი ბიზნეომბუდსმენი და ამჟამინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. 

"გიორგიმ [გახარია] ცალკე დარეკა, ამან [ოთარ ფარცხალაძე] ცალკე დარეკა და გაგიჟდა ეს ბუცხრიკიძე, რომ ყველა მხრიდან ცალკე ის ურეკავდა, ცალკე ეს ურეკავდა", - ამბობს გავრცლებულ აუდიო ჩანაწერში სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი. 

კომპანია, რომელზეც ომეგა ჯგუფი საუბრობს, 2016 წლის 19 აპრილს დაფუძნებული შპს "ოლიმპუსია". რომლის მფლობელიც პანამური ოფშორი კორპორაცია უაიდპოინტ ინვესტმენტსია. კანონმდებლობის მიხედვით, კომპანიას გადარიცხვამდე ბანკისთვის მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია. 

თავის მხრივ TBC ბანკი "ომეგა ჯგუფის" განცხადებებს კატეგორიულად ემიჯნება. განცხადებაში ბანკი აღნიშნავს, რომ ისინი სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ. 

"ბანკი უმაღლესი სიმკაცრით იცავს კომერციული ბანკებისთვის დადგენილ ყველა მოთხოვნას. ბატონი ოქუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, TBC ბანკი განმარტავს, რომ ბანკში ყველა ტრანზაქცია სრულდება სამუშაო საათებში, კლიენტის ანგარიშების გახსნისა და წარმოების ყველა წესის დაცვით. TBC ბანკს გააჩნია კანონიერი ვალდებულება, დაიცვას კლიენტის პერსონალური მონაცემები და საბანკო საიდუმლოება, ამიტომ ბანკის მხრიდან დაუშვებელია კონკრეტული ტრანზაქციისა და კლიენტის შესახებ დეტალების გასაჯაროვება" - აცხადებს TBC.

კომენტარები