კრიმინოგენული მდგომარეობა

ბახტაძე: დანაშაულის სტატისტიკის ზრდა აღრიცხვიანობის სიზუსტითაა გამოწვეული

პარლამენტი

"თქვენი მტკიცება, რომ ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა კრიმინალის ზრდის თვალსაზრისით, არ შეესაბამება სიმართლეს," - პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე პასუხობს ენმ-ის წევრის რონამ გოცირიძის კითხვას, ქვეყანაში კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესების შესახებ. ბახტაძე პარლამენტში დღეს ინტერპელაციის ფორმატში დეპუტატების კითხვებს პასუხობს. ბახტაძის თქმით, 2018 წლიდან შეიცვლა დანაშაულის სტატისტიკის აღრიცხვის მეთოდოლოგია და დაინერგა ახალი მიდგომა და ამან განაპირობა, რომ 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, დანაშაულის ზრდა დაფიქსირდა. 

"2018 წლიდან შეიცვლა დანაშაულის სტატისტიკის აღრიცხვის მეთოდოლოგია და დაინერგა ახალი მიდგომა. ეს არის გაცილებით მნიშვნელოვანი და სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება, რომ მთავრობამ და საზოგადოებამ ზოგადად, გააკონტროლოს და მაქსიმალური სიზუსტით აღრიცხოს ნებისმიერი ფაქტი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა სახეზე მკვეთრად გამოხატული დანაშაულის ყველა ნიშანი, ასევე შესაძლო დანაშაულის ბუნება, სიმძიმე და გახსნის ალბათობა. სწორედ ზემოთ აღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობა, რომ 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, დიახ, დანაშაულის ზრდა 54 პროცენტით დაფიქსირდა, მაგრამ ეს ზრდა მნიშვნელოვან წილად გამოწვეულია აღრიცხვიანობის სიზუსტით. ქვეყანაში რეალური კრიმინოგენური მდგომარეობის განსასაზღვრად მნიშვნელოვანია რეგისტრირებული დანაშაულისტიპისა და ბუნების, პოლიციისადმი მიმართვიანობის მაჩვენებლისა და ბევრი სხვა ფაქტორების გათვალისწინება," - ამბობს ბახტაძე. 

ბახტაძის ინფორმაციითვე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების მაჩვენებლები ან უცვლელია, ან შემცირებული და მატება ჩანს ისეთ დანაშაულებებში, რომლებზეც მიმართვიანობა გაიზარდა. 

"2018 წელს, 2017წელთან შედარებით, არ შეცვლილა მკვლელობების მაჩვენებელი, შემცირდა ყაჩაღობა და განსაკუთრებით შემცირდა ჯანმრთელობისგანზრახ მძიმე დაზიანება − თითქმის 18%-ით. დანაშაულის მთელ რიგ კატეგორიებში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებამ, გატარებულმა რეფორმებმა, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის გაზრდამ გაზარდა პოლიციისადმი მიმართვიანობა. ასეთ კატეგორიებს მიეკუთვნება, მაგალითად, ოჯახში ძალადობა, მუქარა და სხვა დანაშაული. ამავე დროს, ზრდა ძირითადად მოდის საკუთრებისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ძირითადად ვსაუბრობთ ქურდობასა და ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებებზე. ანუ სწორედ იმ კატეგორიის დანაშაულზე, რომლებზეც პირდაპირ ახდენს გავლენას აღრიცხვიანობის გაუმჯობესება," - ამბობს ბახტაძე.

ბახტაძე ამბობს, რომ წარსულში პოლიცია ნაკლებად აღრიცხავდა ისეთ დანაშაულებს, რომელთა გახსნის პერსპექტივაც დაბალი იყო.

"ეს იყო მავნე პრაქტიკა, ეს იყო თავის მოტყუება, ეს იყო საზოგადოების მოტყუება და ეს ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს. თუ დააკვირდებით დანაშაულის ტიპოლოგიურ სტრუქტურას, კარგად ჩანს, რომ, მაგალითად, 2018 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 62 პროცენტი მოდის სწორედ იმ დანაშაულებზე, რომელთა რეგისტრაციაც ადრე ნაკლებად ხდებოდა და დღეს სრულფასოვნად რეგისტრირდება. ლოგიკურია, რომ ამიტომაც გაიზარდა მუქარის, ნივთის დაზიანების თვითმკვლელობამდე მიყვანის მაჩვენებლები, მაგალითად, ადევნების მაჩვენებლები გაზრდილია რამდენჯერმე, რომელიც ადრე საერთოდ არ რეგისტრირდებოდა," - ამბობს პრემიერი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, 2018 წლის 11 თვეში რეგისტრირებული დანაშაული 58%-ით გაიზარდა. რაც შეეხება გახსნის მაჩვენებელს, 2017 წელთან შედარებით, 20%-ით არის შემცირებული.

2018 წლის იანვარ-ნოემბერში სამართალდამცავმა ორგანოებმა საქართველოში 53 637 დანაშაული აღრიცხეს. აქედან 18 467 (34%) გახსნეს. წინა წლის ამავე პერიოდში კი, ქვეყანაში 33 931 დანაშაული დარეგისტრირდა. გახსნილია - 18371 (54%).

2018 წლის პირველ 11 თვეში, საგრძნობლად გაიზარდა თითქმის ყველა ტიპის დანაშაული. მათ შორის 123.68%-ით - დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ, 100.29%-ით - დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ, 253.63%-ით - დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ, 61.76%-ით - დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ,81.75%-ით - დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, ხოლო 26.47%-ით - დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ.

კომენტარები