ეკონომიკური ზრდა

საქართველოს ეკონომიკა 2018 წელს 4.7%-ით გაიზარდა

Reuters

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 4.7% შეადგინა. 2017 წელთან შედარებით, ზრდა 0.1%-ით შემცირდა.

მთლიანი შიდა პროდუქტის 17%-ს შეადგენდა ვაჭრობის, ამდენივეს - მრეწველობის სფეროები.

მეოთხე კვარტალში, ზრდამ 4,5% შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.8% ნაკლებია.

მთავრობის თავდაპირველი პროგნიზით, მთლიანი შიდა პროდუქტი გასულ წელს 4.5%-ით უნდა გაზრდილიყო, თუმცა მოგვიანებით მთავრობამ ის 5%-მდე გაზარდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2018 წელს 5,5%-ით უნდა გაზრდილიყო.

სოფლის მეურნეობა და მეთევზეობა მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 7.7%-ს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ საქსტატის უკანასკნელი მონაცემებით, ამ სფეროში სამუშაო ძალის 43%-ზე მეტია დასაქმებული.

ყველაზე მეტად ზრდა გასულ წელს საფინანსო საქმიანობას შეეხო, რომელიც 13.5%-ით გაიზარდა. მას მოსდევს კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურება 13.2%-ით. უძრავი ქონების ოპერაციების, იჯარის და მომსახურების გაწევის სექტორში ზრდამ 12.1% შეადგინა.

მშენებლობის სექტორი 3.1%-ით შემცირდა.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით ჩამორჩებოდა.

2016 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2.7% შეადგინა, როცა მთავრობა 2.7%-იანი ზრდის მიღწევას გეგმავდა.

კომენტარები