ბაქრაძე თავდემებთან თანამშრომლობაზე: მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვინც ეძებს ალტერნატივას

დავით ბაქრაძე
ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის დავით ბაქრაძის შეფასებით, თავისუფალ დემოკრატებთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტის შესაცვლელად. ბაქრაძე ბრიუსელიდან გამოეხმაურა შალვა შავგულიძის კანდიდატურის დაყენებას მთაწმინდის ოლქის შუალედურ არჩევნებში.

"ჩვენი, ევროპული საქართველოს პოლიტიკური ამოცანაა, 2020 წელს არჩევნების გზით, მშვიდობიანად პოლიტიკურ პენსიაზე გავუშვათ და ქვეყანას ჩამოვაშოროთ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი. ქვეყანაში ამას სჭირდება ძლიერი ოპოზიციური ცენტრის არსებობა. ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების კოალიცია, ისევე როგორც შალვა შავგულიძის დაყენება მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში, არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტის შესაცვლელად და პროდასავლური, კომპეტენტური, საქმიანი და წესიერი ოპოზიციის ჩამოსაყალიბებლად.

ვფიქრობ, ეს არის კარგი არა მხოლოდ ჩვენი პარტიებისთვის, არამედ კარგი და მნიშვნელოვანი -  საქართველოსთვის. მნიშვნელოვანია თითოეული იმ მოქალაქისთვის, რომელიც ეძებს ალტერნატივას. ვისაც აღარ უნდა ქართული ოცნება, ვისაც არ უნდა წარსულში დაბრუნება და ვინც ფიქრობს, რა გზას უნდა დაადგეს საქართველო და რა გზა გადის მომავალზე.

დღევანდელი ნაბიჯი არის სწორედ მომავლისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს არის ის პოლიტიკური ცენტრი და ის პოლიტიკური ძალა, რომლის ამოცანაც იქნება ყოველგვარი რყევების და არეულობის გარეშე გაისტუმროს სახლში ქართული ოცნება" - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

21 მარტს ცნობილი გახდა, რომ ევროპული საქართველო და თავისუფალი დემოკრატები პოლიტიკურ ბლოკს ქმნიან. ისინი პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე, მთაწმინდის ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატს, შალვა შავგულიძეს ასახელებენ. პარტიების ლიდერების თქმით, მათ გრძელვადიანი, სტრატეგიული პოლიტიკური თანამშრომლობა დაიწყეს. 

კომენტარები