უკრაინის სანქციები

უკრაინის სანქციების სიაში ბსუ-ის რექტორი მოხვდა, ის ფაქტს გაუგებრობას უწოდებს

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში
batumelebi.netgazeti.ge

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში იმ 848 ფიზიკურ პირს შორის მოხვდა, რომლებსაც უკრაინამ სანქციები დაუწესა

მერაბ ხალვაში ტაბულასთან საუბრისას ამბობს, რომ გაოცებულია იმით, რომ მისი სახელი და გვარი ამ სიაში მოხვდა და მიიჩნევს, რომ გაუგებრობას აქვს ადგილი, რადგან მისივე თქმით, ის არასდროს ყოფილა უკრაინაში. 

მერაბ ხალვაშის თქმით, ის აპირებს წერილით მიმართოს, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე უკრაინაში საქართველოს საელჩოს, რათა მათ უკრაინის ხელისუფლებისგან განმარტება მიიღონ. 

"მართლა გაოცებულები ვართ. ახლა ვამზადებთ ჩვენ წერილს, რომელსაც გავგზავნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უკრაინაში საქართველოს საელჩოში. მე და სხვებიც ვფიქრობთ, რომ გაუგებრობას აქვს ადგილი,"- ამბობს მერაბ ხალვაში. 

კითხვაზე, დაახლოებით მაინც თუ წარმოუდგენია, რა შეიძლება იყოს მისი სიაში მოხვედრის მიზეზი, მერაბ ხალვაში იხსენებს, რომ ის, როგორც პროფესიით არქეოლოგი, 2017 წელს სევასტოპოლში (ქალაქი უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის ფედერაციის მხრიდან არის ოკუპირებული) გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვიეს, თუმცა უნივერსიტეტის რექტორი ამბობს, რომ ის კონფერენციას არ დასწრებია. 

"მე არათუ არ ჩავსულვარ კონფერენციაზე, სამეცნიერო მოხსენებაც კი არ გამიგზავნია მათთვის, უბრალოდ მიწვეულ მკვლევარებს შორის ვიყავი და, ალბათ, ამ სიაში ნახეს ჩემი სახელი და გადაწყვიტეს, რომ მე იქ ვიყავი ჩასული,"- ამბობს ხალვაში. 

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 20 მარტს ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით მიღებულ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების გამო 294 იურიდიულ და 848 ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესდა. 

სანქციები უკრაინაში ანგარიშების გაყინვასა და ქვეყანაში შესვლის აკრძალვას გულისხმობს. 

სანქციების სხვა მიზეზებთან ერთად, განმარტებით ნაწილში ოკუპირებულ ყირიმში უკანონოდ ჩასვლაც არის მოხსენიებული. 

კომენტარები