ჟენევის მოლაპარაკებები

კაპანაძე: როგორც ჩანს, პრეზიდენტს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობა არ ესმის

სერგი კაპანაძე
ტაბულა

სერგი კაპანაძის თქმით, როგორც ჩანს, პრეზიდენტს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობა არ ესმის. დეპუტატის აზრით, პრეზიდენტმა არც ის იცის, რომ მისი არაეფექტურობა არა ფორმატის, არამედ რუსეთის ბრალია.  

"რაც შეეხება მის განცხადებას ჟენევის მოლაპარაკებებზე, რომ ფორმატი არის შესაცვლელი - როგორც ჩანს, მას არ ესმის ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობა. არ ესმის, რომ ფორმატის გადახედვა რომ დაიწყება, ვერაფრით მივიღებთ იმაზე კარგ ფორმატს, ვიდრე დღეს გვაქვს. როგორც ჩანს, არ ესმის ის, რომ ის, რომ ჟენევაში შედეგები არ გვაქვს, ფორმატის ბრალი კი არ არის - ასეთ შეცდომას უშვებენ ხოლმე პირველკურსელები, რომლებიც ვერ ერკვევიან საკითხში, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი გვყავს ამ დონის - არამედ იმისი ბრალია, რომ რუსეთი არ არის მოსურნე, მივაღწიოთ პროგრესს. იმისთვის, რომ ჟენევაში გვქონდეს პროგრესი, ჟენევაში უნდა გაიზარდოს წნეხი. ფორმატი კი არ უნდა შეიცვალოს. ძალიან ცუდია, რომ ასეთი განცხადებები კეთდება, ასეთი დონის პრეზიდენტი აღმოგვაჩნდა", - თქვა სერგი კაპანაძემ. 

სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, რომ ფორმატი არაეფექტურია და ცვლილებებია საჭირო, მისმა პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა 19 მარტს გაახმოვანა. 

"პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს არის საკითხი, რომელზეც ყველა მაღალი რანგის შეხვედრაზე უნდა მიმდინარეობდეს მსჯელობა. ამ თემის ფართოდ გასაჯაროებისთვის უნდა გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო ტრიბუნა, აი ამ კონტექსტში, საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ აუცილებელია, შეიქმნას ახალი ფორმატი, რომელსაც ექნება მაღალი პოლიტიკური დიალოგის წარმოების შესაძლებლობა. 

ჩვენ გვაქვს ფორმატები, სადაც რეალურად ტექნიკური საკითხები განიხილება და არ ხერხდება პოლიტიკური დიალოგის გამართვა. სწორედ ასეთი ფორმატის შემუშავება მიაჩნია მას მნიშვნელოვნად", - თქვა ხატია მოისწრაფიშვილმა ბრიფინგზე. 

რა არის ჟენევის მოლაპარაკებები

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხთა სახელმწიფო მინისტრის აპარატის განმარტებით: 

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის შეიქმნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი. აღნიშნული დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად

მას შემდეგ წელიწადში ტარდება 4 რაუნდი. 

საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებენ აშშ-ს წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. 

გარდა ამისა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. აღნიშნული ფორმატის ყველა მონაწილე ინდივიდუალური სტატუსით არის წარმოდგენილი.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში. პირველში განიხილავენ უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა), ხოლო მეორეში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).

კომენტარები