ქართული ოცნება

კობახიძე: კონსულტაციები დაგვჭირდება მათთან, ვინც კვაჭანტირაძის გადაყენებას არ მისცა ხმა

"უმრავლესობის იმ წევრებთან, რომლებმაც ზვიად კვაჭანტირაძის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხს მხარი არ დაუჭირეს, პოლიტიკური კონსულტაციები დაგვჭირდება" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხის განხილვას პარლამენტი ორ კვირაში დაუბრუნდება.

19 მარტის სხდომაზე პარლამენტმა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძე ვერ გადააყენა. "67 მომხრე, 8 - წინააღმდეგი" - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. გადაწყვეტილების მიღებას 76 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა. 

ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი ქართული ოცნების სამმა დეპუტატმა არ დაუჭირა - ცოტნე ზურაბიანი, რატი იონათამიშვილი და ლევან კობერიძე. ამასთან, სხდომას არ ესწრებოდა 74 დეპუტატი, მათ შორის 34 - უმრავლესობის წევრი.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძის ბექა ოდიშარიათი შეცვლის საკითხი უმრავლესობამ დააყენა. ეს გადაწყვეტილება ქართული ოცნების ოფისში 18 მარტს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების მოთხოვნას პოლიტიკური საფუძველი აქვს. ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, ზვიად კვაჭანტირაძის თავმჯდომარეობის პერიოდში, დიასპორის კომიტეტი წარმატებული არ იყო.

ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა თებერვლის ბოლოს დატოვა.

კომენტარები