ირაკლი კვარაცხელიას საქმე

კაპანაძე: კვარაცხელიას საქმეზე გამოძიება უსწრაფესად უნდა ჩატარდეს და დადგინდეს სიმართლე

საქართველოს პარლამენტი

ირაკლი კვარაცხელიას საქმესთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, გამოძიება უსწრაფესად ჩატარდეს და დადგინდეს სიმართლე - ამის შესახებ ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თქვა. 

მისი თქმით, ის ვერსია, რომელსაც რუსი ოკუპანტები ავრცელებენ, რომ თითქოს ამ ადამიანმა სამხედრო ბაზაზე თავი მოიკლა, იყოს შემოწმებული და დადგინდეს რეალურად რა მოხდა. 

"ამისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ჩატარდეს ჩვენს მხარეს გამოძიება, ოღონდ ჩატარდეს სწრაფად და არა ისე როგოც სჩვევია დღევანდელ ხელისუფლებას, როდესაც წლების განმავლობაში ხდება ხოლმე საქმეების თაროზე შემოდება. მნიშვნელოვანია დადგინდეს, არამარტო ის, რომ თუ ვისი გამოისობით მოკლეს ირაკლი კვარაცხელია, არამედ ისიც, თუ ვინ უშლის ხელს გამოძიებას",- თქვა მან.

კაპანაძე ამბობს, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, უკვე ერთი წელია არსებობს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა მაინც, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები სიაში შეიყვანონ. 

"ერთი წელია უკვე, რაც ეს სია არსებობს, თუმცა აქამდე რუსეთის ფედერაციის არცერთი მოქალაქე, "ეფ-ეს-ბეს" არცერთი წევრი და ოფიცერი, რომელიც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფება, არ ყოფილა ამ სიაში შეყვანილი. ამიტომ, ამ გამოძიების ფარგლებში, მე დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება იდენტიფიცირებული რუსეთის მოქალაქეები და მთავარი რაც იყო ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის, იქნება ჯამში შესრულებული",- ამბობს კაპანაძე. 

მისივე თქმით,კარგი იქნება თუ მთავრობის წარმომადგენელი პარლამენტში ანგარიშს წარადგენს, თუ როგორ ხდება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის როგორც ფორმირება და სიაზე მუშაობა.

"მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა ამ სიას ეკიდებოდეს სერიოზულად და კარგი იქნება, თუ მთავრობის წარმომადგენელი მოვა პარლამენტში და ანგარიშს ჩააბარებს პარლამენტს, თუ როგორ ხდება პარლამენტის დადგენილებით მიღებული ამ სიის ერთი მხრივ, ფორმირება, შემდეგ მასში ახალი ადამიანების შეყვანა. აღსანიშნავია, რომ არცერთი ახალი ადამიანის შეყვანა არ მომხდარა მასში ბოლო ერთი წლის განმავლობაში. რა ხდება, რომ ეს სია გაზიარებული იყოს საერთაშორისო პარტნიორების მიერ",- აღნიშნა სერგი კაპანაძემ. 

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სია 2018 წლის 26 ივნისს გამოაქვეყნა. ის 33 პირისგან შედგება. აღსანიშნავია, რომ სიაში არ არიან რუსეთის საოკუპაციო სტრუქტურების წარმომადგენლები და ასევე, სიაში გარდაცვლილი ადამიანებიც აღმოჩნდნენ. 

"ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია" გულისხმობს დოკუმენტს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენელთა ან/და მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მაცხოვრებელთა მიერ საქართველოს მოქალაქეთა გატაცებაში, მათთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, წამებასა და სიცოცხლის მოსპობაში ეჭვმიტანილი და მსჯავრდებული, აღნიშნული დანაშაულების ხელშემწყობი და დანაშაულების დაფარვაში შემჩნეული პირების შესახებ. 

სიის შექმნა ევროპული საქართვლოს ინიციატივა იყო. სია მას შემდეგ შეიქმნა, რაც ახალგორიდან დევნილი, სოფელ წილკანში მცხოვრები არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს და წამებით მოკლეს.

კომენტარები