TBC-ის გენ. დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე საქალაქო სასამართლოში დაიკითხა

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე
ტაბულა

TBC ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე პროკურატურამ 18 მარტს საქალაქო სასამართლოში დაკითხა. 

ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას პროკურატურაში დაუდასტურეს. 

"ეს ეხებოდა, როგორც მოგეხსენებათ, იმ 12 წლის წინანდელ ფაქტთან დაკავშირებულ მოვლენებს და ამომწურავი ინფორმაცია გადავეცი. მოგეხსენებათ, 3 კვირის წინ TBC ბანკსა და ეროვნულ ბანკს შორის მოხდა შეთანხმება, ამოწურულია ეს საკითხი. ბანკი აგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას და დეტალურ კითხვებზე გავეცით პასუხი,"- ამბობს ბუცხრიკიძე რუსთავი 2-ის "კურიერის" ჟურნალისტის შეკითხვების პასუხად.

ჟურნალისტის კითხვაზე, პროკურატურამ ჰკითხა თუ არა TBC ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძისთვის, გაგზავნილ მუქარის შემცველ წერილზე, პასუხობს, რომ არა, "ამასთან კავშირი არ ჰქონია". კიდევ ერთ შეკითხვაზე, ხაზარაძის განცხადებამდე ჰქონდა თუ არა მას ამ წერილის შესახებ ინფორმაცია, ბუცხრიკიძე პასუხს არ სცემს. 

14 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა. 

წაიკითხეთ, რას ყვება თავად მამუკა ხაზარაძე 2007-08 წლების ტრანზაქციებზე აქ.

პარტია ევროპულმა საქართველომ TBC ბანკის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დააყენა. კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

კომენტარები