ფულის გამოძალვა

შსს: გამოძალვის ბრალდებით ბათუმში 6 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინებით, გამოძალვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 6 პირი.

დაკავებულები არიან 1994 წელს დაბადებული რ.ბ., 1979 წელს დაბადებული ნ.ო., 1983 წელს დაბადებული რ.ბ., 1985 წელს დაბადებული მ.ი., ასევე, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე: 1979 წელს დაბადებული მ.კ. და 1989 წელს დაბადებული მ.ი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების ნაწილი ბათუმში, ადლიის ქუჩაზე მდებარე რესტორან "ბოკვერსა" და აეროპორტის ქუჩაზე მდებარე კლუბ "ფაშაში" მუშაობდა. ისინი, თანამზრახველებთან ერთად, აღნიშნულ დაწესებულებებში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, სისტემატურად სთხოვდნენ თითქოსდა შეკვეთილი, არარსებული მენიუს საზღაურს და რეალურ ღირებულებასთან შეუსაბამო თანხებს ახდევინებდნენ"-აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები