რუსული ოკუპაცია

ციხელაშვილი: ხურვალეთში რუსი ჯარისკაცები საოკუპაციო ხაზის მიღმა იყვნენ

epn.ge

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ცნობით, დიდ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები საოკუპაციო ხაზის მიღმა იდგნენ. მისი თქმით, რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ტერიტორია, "სადაც ისინი იყვნენ განლაგებულები - საოკუპაციო ხაზს მიღმა". მან ყველას მოუწოდა, მაქსიმალური სიფრთხილე და პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.

"არ დაფიქსირებულა ინციდენტი ან გადმოსვლისა ან წვდომისა ან რაიმე ტიპის დამატებითი ბარიკადების მშენებლობისა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. სრულიად არის თავისუფალი მიმოსვლა აღდგენილი, მოსახლეობისთვის არც შეზღუდულა, არანაირ ინციდენტს არ ჰქონია ადგილი.

მინდა ვთხოვო ყველას, მედიას, რომ ვიყოთ აღჭურვილი მაქსიმალური სიფრთხილით და პასუხისმგებლობით, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ამ მოცემულობაში, როცა ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული, მავთულხლართების მიღმა, დიახ, სამწუხაროდ, დგანან რუსი ჯარისკაცები. არის ძალიან მძლავრი სამხედრო ბაზები და ამ პირობებში ჩვენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა, თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი პროვოკაცია, ამ პასუხისმგებლობისგან არც პოლიტიკოსები, არც ხელისუფლება, არც აქტივისტები არ თავისუფლდება. ეს არის ჩვენი საერთო სიკეთის, ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის.

იყო გარკვეული განცხადებები აქტივისტების მხრიდან, რომელიც არ შეეფერება სიმართლეს და დამატებით კიდევ გარკვეული დაძაბულობას აჩენს, ისედაც ოკუპაციის პირობებში ცხოვრება არის ძალიან რთული ფაქტორი და არ არის საჭირო, გარკვეულ პროვოკაციებს წამოვეგოთ" - თქვა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ხურვალეთში რუსი ოკუპანტების გამოჩენის შესახებ ფოტო და ინფორმაცია ადგილობრივმა მკვიდრმა, ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ გაავრცელა. მისი თქმით, რუსი სამხედროები მოსახლეების ეზოებში იყვნენ. ადგილზე მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტია" ჩავიდა, რომლის წარმომადგენლებსაც სოფელში არ უშვებდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ყოფნა არ დაადასტურა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის ხელმძღვანელის, ერიკ ჰოეგის თქმით კი, დიდ ხურვალეთში "ბორდერიზაციის" ახალი ნიშნები არ არის. მან Twitter-ზე დაწერა, რომ უსაფრთხოების სამსახურს ადგილზე ინციდენტები არ აღურიცხავს. 

კომენტარები