Burning Sun-ის სკანდალი

KPOP ჯგუფის, Big Bang-ის წევრს ძალადობაში, სექს-ტრეფიკინგსა და მოსყიდვაში ადანაშაულებენ

sbs

სამხრეთ კორეული პოპ ჯგუფის, Big Bang-ის წევრს, სუნგრის პროსტიტუციის გავრცელებაში, სექსუალურ ძალადობაში, სექს-ტრეფიკინგსა და პოლიციის მოსყიდვაში ადანაშაულებენ.

ბიგ ბენგს, რომელიც 2006 წელს შეიქმნა და კორეული პოპის მეფედაც იწოდებოდა, ამ წლების განმავლობაში 140 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. შესაბამისად, დიდია როგორც ბენდის, ასევე მისი საპროდიუსერო კომპანიის გავლენაც. 

არსებობის განმავლობაში Big Bang არასასიამოვნო ამბების გამო არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, თუმცა, ის, რაც ახლა ხდება, არა მხოლოდ ბენდის, არამედ კორეული პოპის ისტორიაში უპრეცედენტოა. 

მთავარი მოქმედი გმირი ბენდის ერთ-ერთი წევრი, სუნგრია. მას, ისევე, როგორც ბენდის სხვა წევრებს, სასცენო საქმიანობის გარდა შემოსავლის სხვა წყაროებიც ჰქონდა - მუსიკოსები სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობას ეწეოდნენ. 

სუნგრისთვის ერთ-ერთი ასეთი ბიზნესი ღამის კლუბი Burning Sun იყო. დანაშაულებიც სწორედ ამ კლუბში ხდებოდა. 

რამდენიმე თვის წინ ამ კლუბის ერთ-ერთი თანამშრომელი სეულის პოლიციამ თავდაპირველად ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დააკავა, მოგვიანებით კი გამოძიება ნარკოტიკების გასაღების მუხლებით გაგრძელდა.

სეულში უმაღლესი საგამოძიებო ორგანოების მიერ დაწყებული გამოძიება კი Burning Sun-ში ნარკოტიკის გაყიდვასთან ერთად, ტრეფიკინგისა და სექსუალური ძალადობას უკავშირდება. 

საქმე ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც კადრები გავრცელდა, რომელშიც ჩანს, რომ ქალი კლუბის დაცვის წევრებს ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევს, მაშინ, როცა ისინი ქალზე ძალადობენ, ხოლო პოლიციის მოსვლის შემდეგ, ისევ ქალს აპატიმრებენ.

Burning Sun-მა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ ქალს კლუბის დატოვება მას შემდეგ მოსთხოვეს, რაც VIP მაგიდიდან სასმელი მოიპარა. 

ამის შემდეგ კლუბიდან სხვა ინფორმაციამაც გაჟონა. 

კერძოდ: აღმოჩნდა, რომ დიდი ალბათობით, ქალებს სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებით აბრუებდნენ, რის შემდეგაც კლუბის VIP კლიენტებს მათი გაუპატიურების შესაძლებლობა ჰქონდათ. 

კაცი, რომელიც ირწმუნება, რომ კლუბის VIP წევრია, ამბობს, რომ Burning Sun-ის წევრები რეგულარულად უგზავნიდნენ ტექსტურ შეტყობინებებს მდიდარ კლიენტებს, რომ "ქალი მათთვის მზად არის". ზოგ შემთხვევაში კლუბის თანამშრომელი კლიენტს უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალის შიშველ ფოტოს უგზავნიდა და ეუბნებოდა, რომ "შეეძლო ისე მოქცეოდა, როგორც სურდა". 

"კლუბის თანამშრომლები ამ საკითხზე ერთმანეთში ისე საუბრობდნენ, თითქოს საქმე საჭმელს ან რამე მსგავსს ეხებოდა. მათ თავადაც ჰქონდათ სექსი ქალებთან მათი გაბრუების შემდეგ", - ამბობს ის ერთ-ერთ ჩინურ ტელეარხთან

კლუბის მომხმარებელმა ასევე თქვა, რომ "სტაფის მიერ გამოგზავნილი ერთ-ერთი ვიდეო ასევე ნარკოტიკებით გაბრუებული ქალის გაუპატიურების პროცესს ასახავს. ქალებმა ისიც არ იცოდნენ, რომ მათ იღებდნენ". 

მისივე თქმით, კლუბის კლიენტები მდიდარი ჩინელები იყვნენ, რომლებიც აქ ერთ ვიზიტში 25 ათას დოლარზე მეტს ხარჯავდნენ. 

ის ამტკიცებს, რომ როდესაც კლუბის გოგოების დაცვა სცადა, მას თავს როგორც კლუბის დაცვის წევრები, ასევე პოლიციელები დაესხნენ. სავარაუდოდ, კლუბს პოლიცია მოსყიდული ჰყავდა.  

მას შემდეგ, რაც კლუბში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაცია ცნობილი გახდა, Big Bang-ის წევრმა, სუნგრიმ კლუბთან კავშირი უარყო, ის დატოვა და ჯარში წასვლის შესახებ განაცხადა. 

თუმცა, სუნგრის ჯარში წასვლის საშუალება არ მიეცა - მის მიმართ გამოძიება დაიწყო. მას აკერძალა ქვეყნიდან გასვლაც. 

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა "ოქროს ტელეფონის" შესახებ, რომელიც მხოლოდ ჩატისთვის გამოიყენებოდა. Kakaotalk-ის ჩატში, სავარაუდოდ, 8 კორეელი სელებრითი იყო გაერთიანებული: სუნგრი, ჯონგ ჯუნ იონგი, მომღრალი C, მისტერ კიმი, მისტერ იუ და ორი უცნობი პირი, რომლებიც H-ით და G-ით აღინიშნებიან.

როგორც აღმოჩნდა, კლუბში გადაღებული ვიდეოები, რომლებზეც ქალებზე ძალადობაა ასახული, ამ ჩატში ზიარდებოდა. 

ამ ჩატის შესახებ 2016 წელს რეპერმა ზიქომაც ისაუბრა. "ჯუნ იონგს "ოქროს ტელეფონი" აქვს, რომელიც ჩვეულებრივი ტელეფონი არ არის, მხოლოდ კაკაოთოქისთვის იყენებს და მასში ბევრი კონტაქტი აქვს", - თქვა მან.

ცოტა ხნის წინ ზიქომ თქვა, რომ მან არ იცოდა, რომ ვიდეოზე ასახულ ქალებს გადაღების ნებართვა არ მიუციათ. მისივე თქმით, ჯუნ იონგთან კონტაქტი, დიდი ხანია, გაწყვიტა. 

სუნგრიზე უარყოფით კონტექსტში საუბრობდნენ სხვა სელებრითებიც. სხვადასხვა კორეული ჯგუფების წევრებმა ერთ-ერთ შოუში სუნგრიზე ასე ისაუბრეს: 

ჯენი: ნუ, ხო იცით, სუნგრიშორს მიდის

ჯისუ: მასთან თავს არაკომფორტულად ვგრძნობ

ნაუნი: არ შევხვედროდი მას

სონმი: მილიონჯერ მითხრეს, რომ თავი დამეცვა სუნგრისგან. ამას უმეტესად ასაკით უფროსი ქალები მეუბნებოდნენ.

სუნგრის გარდა საქმეში ბრალდებულია ჯუნ იონგიც, რომელიც სეულში საზღვარგარეთიდან 12 მარტს დაბრუნდა. ქვეყნის დატოვების უფლება არც მას აქვს. გამოძიების მიხედვით, ჯუნ იონგი ქალებს სექსის დროს ვიდეოებს უღებდა და kakaotalk-ის ჩატში ავრცელებდა. 

მან დანაშაული აღიარა. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია: 

"მოგესალმებით ყველას, სირცხვილით და სინანულით. მე, ჯონგ ჯუნ იონგი, 12 მარტს კორეაში დავბრუნდი და გავაანალიზე საქმის სერიოზულობა. გულწრფელად ვუხდი ბოდიშს, ვისაც ამის ინტერესი ქონდა და მობოდიშების საშუალება მომცა. მე ვაღიარებ ყველა ჩემს ცოდვას და დანაშაულს, იმას, რაშიც ბრალს მდებენ.

მე ქალებს მათი ნებართვის გარეშე ვიდეოებს ვუღებდი, მათ კაკაოთოქის ჩატში ვაგზავნიდი და ვმოქმედებდი სინდისის ქენჯნის გარეშე. ეს იყო ამორალური აქტი და დავიმსახურე უარყოფითი რეაქცია, როგორც საზოგადო ფიგურამ. ეს იყო რაღაც ძალიან უგუნური.

რაც მთავარია, ბოდიშს ვუხდი ქალებს, რომლებიც ვიდეოში გამოჩნდნენ, რომ ამ ინციდენტით ასეთი საშინელი რეალობის წინაშე დადგომა მოუწიათ. მინდა დავუჩოქო და მოვუბოდიშო ყველას, ვინც გაბრაზებული და იმედგაცრუებულია ჩემით. დავტოვებ ყველა შოუს, სადაც გამოვჩენილვარ და შევწყვეტ ყველა გასართობ აქტივობას. ყველაფერს გადავდებ, რაც, როგორც სახალხო ფიგურამ გავაკეთე. ეს არაეთიკური და არალეგალური აქტივობა ჩემზე მთელი სიცოცხლის მანძილზე აისახება.

ბოდიშს ვუხდი ყველა ქალს, ვინც ჩემი ქმედებებისგან ყველაზე მეტად დაზიანდა და გაბრაზებულია, ასევე მათ ვისი წყალობითაც სელებრითი ვარ და მათ იმედები გავუცრუე. ხელისუფლების გამოძიებას ვენდობი და მივიღებ სასჯელს, რომელსაც ვიმსახურებ იმ დანაშაულისთვის, რაც ჩავიდინე. კიდევ ერთხელ, გულწრფელად გიხდით ბოდიშს. ვწუხვარ". 

მანამდე კი, 11 მარტს სუნგრიმ ინსტაგრამით განცხადება გაავრცელა და BIG BANG-ს და მისი საპროდიუსერო კომპანია YG-ს დატოვების შესახებ თქვა:

"ეს სუნგრია.

ვფიქრობ, ამ ეტაპზე საუკეთესო გამოსავალი შოუ ბიზნესის დატოვებაა. გადავწყვიტე, გასართობ ინდუსტრას ჩამოვშორდე, მიზეზი კი საზოგადოების შეშფოთებაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება საგამოძიებო საკითხებს, ჩემი საქმე გამოძიებული იქნება გულმოდგინედ და ყველა ბრალდებული გამოვლინდება.

თვენახევარია ხალხისგან კრიტიკას და სიძულვილს ვიღებ. ქვეყანაში არსებული ყველა საგამოძიებო ორგანო ჩემს საქმეს იძიებს, ერის მოღალატედაც გამომაცხადეს. პირადად მე, არ მოვითმენ ჩემს გარშემო მყოფი ხალხისთვის ზიანის მიყენებას. 

ყველა ფანს, კორეაში და მის გარეთ, დიდ მადლობას ვუხდი, რათა ბოლო 10 წლის მანძილზე სიყვარულს მაჩვენებდნენ. ვფიქრობ, არ უნდა გავჩერდე, YG და BIGBANG-ის პატივის შესანარჩუნებლად.

კიდევრ ერთხელ, ვწუხვარ და ბოდიშს ვიხდი ყველაფრისთვის", - დაწერა სუნგრიმ. 

YG Entertainment-ი ძალიან გავლენიანი კომპანიაა სამხრეთ კორეაში, ბევრს სჯერა, რომ სუნგრის დანაშაულების შესახებ საიდუმლოდ სწორედ მისი გავლენების გამო დარჩა - მას კომპანია ხელს აფარებდა.

აღსანიშნავია, რომ ერთ დღეში კომპანია YG-ის აქციები 14%-ით დაეცა.

კომენტარები