ფინეთი

ფინეთის მთელი მთავრობა სოციალური და ჯანდაცვის რეფორმის ჩავარდნის გამო გადადგა

Reuters

ფინეთის მთავრობა, სრული შემადგენლობით, სოციალური და ჯანდაცვის რეფორმის ჩავარდნის გამო გადადგა. რეფორმა მათ მთავარ დაპირებას და პოლიტიკურ მიზანს წარმოადგენდა, თუმცა პრემიერმინისტრის თქმით შედეგით "ძალიან იმედგაცრუებულია." მთავრობას იმედი ჰქონდა, რომ რეფორმის მეშვეობით მომავალ 10 წელში 3 მილიარდი ევროს დაზოგვას შეძლებდნენ.

აპრილში დაგეგმილ არჩევნებამდე მთავრობა მოვალეობის შესრულებას დროებით გააგრძელებს.

ფინეთში ამჟამად მოსახლეობის დაბერების პრობლემა დგას, რაც სოციალური და ჯანდაცვის ხარჯებს ზრდის. 2018 წელს 65 წელზე მეტი ასაკის პირები ფინეთის მოსახლეობის 21.4%-ს შეადგენდნენ, რაც ევროპაში გერმანიის, პორტუგალიის, საბერძნეთის და იტალიის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რეფორმის ფარგლებში რეგიონული ცენრების შექმნა სურდათ ჯანდაცვისა და სოციალური სერვისებისათვის, რათა ეს პასუხისმგებლობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისათვის მოეხსნათ და ამასთანავე სექტორში კერძო კომპანიები მეტად უნდა ჩართულიყვნენ.

გარდა ამისა მთავრობამ 2,000-მდე დაუსაქმებელ ადამიანს შემოსავლის წყაროდ ყოველგვარი პირობების გარეშე თვეში 560 ევრო დაუნიშნა. შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ მოსახლეობის კმაყოფილება გაიზარდა, თუმცა უმუშევრობა არ შემცირებულა.

ცენტრისტული პარტია ქვეყნის მთავრობაში 2015 წლიდან იყო. 2017 წელს მათ სამთავრობო კოალიცია "ლურჯი რეგორმის" პარტიასთან ჩამოაყალიბეს. ამჟამინდელი გამოკითხვებით მომავალ არჩევნებში ოპოზიციური სოციალ დემოკრატიული პარტია ლიდერობს.

კომენტარები