კალაძე მუქარის წერილზე: ალბათ, მომავალში "ენკი-ბენკიზეც" იქნება საუბარი

კახა კალაძე
ტვ იმედი

თბილისი მერი, კახა კალაძე "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურისთვის გადაცემულ წერილს გამოეხმაურა, რომელიც ხაზარაძის თქმით, შს მინისტრისგან მიიღო.

კალაძე ამბობს, რომ წერილი არასერიოზულია და შინაარსი ღიმილისმომგვრელი.

"რა შუაშია მედია ჩემთვის ცოტა გაუგებარია, მე არ ვიცი საერთოდ ეს რა წერილია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ასეთი წერილის შემქნა. ღიმილისმომგვრელი იყო მანდ რაც ეწერა. რა შუაშია ტვ.პირველი გაუგებარი იყო, რა შუაშია "არტარეა". ალბათ მომავალში "ენკი-ბენკიზეც" იქნება საუბარი. ამიტომ ვიმეორებ, დაველოდოთ და სამართლებრივ ჭრილში გავყვეთ ამ კონკრეტულ საკითხს.",- ამბობს კალაძე.

მისივე თქმით, საქმის სამართლებრივი ჭრილიდან პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა ხდება.

"არის კონკრეტული საქმე, რომელიც სამართლებრივად არის დაწყებული და თუ არის რაიმე კითხვები სამართლებრივ ჭრილში უნდა მოხდეს ამ ყველაფრის განხილვა და არა პოლიტიკურ ჭრილში. კატეგორიულად მიუღებელია პოლიტიკურ ჭრილში ამ საქმის განხილვა",- ამბობს ის. 

6 მარტს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა თიბისი ბანკის დამფუძნებლის მიერ დაკითხვაზე წარდგენილი წერილი, სადაც ადრესატისგან ითხოვენ, რომ "TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე", მამუკა ხაზარაძემ თქვას, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში და "არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი". წერილში მითითებულია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და ამას გააკეთებენ საჯაროს, შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის. მამუკა ხაზარაძის თქმით, სწორედ ეს წერილი გაუგზავნა მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ. მან აღნიშნა, რომ დაკითხვაზე დოკუმენტის ასლი წარმოადგინა და დედანი ლონდონში, ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.

კომენტარები