კობახიძე მუქარის წერილზე: მტკიცებულების ნაცვლად, პრინტერზე ამობეჭდილი ფურცელი მივიღეთ

საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდა ამ ე.წ. მტკიცებულებას და შედეგად ჩვენ მივიღეთ პრინტერზე ამობეჭდილი ფურცელი, რაც არის, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზული - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მუქარის წერილს, რომელიც მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მას გაუგზავნა.

მისი თქმით, ასეთი წერილის ამობეჭდვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. 

"არასერიოზულია როგორც ფაქტი თავისთავად, ასევე შინაარსი ამ წერილის. ათ შორის ის, რომ თურმე "არტარეას" სთხოვდა ვიღაც ობიექტურობის მაღალი სტანდარტების დაცვას. როცა 20 პუნქტიან ე.წ. წერილს აქვეყნებ, ბუნებრივია, უნდა ერთი პუნქტი მაინც დაამთხვიო სინამდვილეს და შეგიძლია ეს შენ გააკეთო პოსტფაქტუმ. რა თქმა უნდა, შენ შეგიძლია სინამდვილეს დაამთხვიო ერთი ფაქტი, პოსტფაქტუმ. ოციდან ერთს თუ დაამთხვევ პოსტფაქტუმ, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა",- ამბობს კობახიძე.

მისი თქმით, გარკვეული ძალები პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ ის საქმე, რომელიც წმინდა სამართლებრივია

"ბუნებრივია, ვერც პოლიტიკა და ვერც ბიზნესი ვერ იქნება ინდულგენცია ვერავისთვის, თუ არის სამართალი დარღვეული. ამიტომ, სამართლებრივ ჩარჩოში უნდა განვიხილოთ ეს საკითხი, სამართალდამცავი ორგანოები ამ ყველაფერს გამოიძიებენ. ბუნებრივია, ყველას ექნება დაკვირვების საშუალება, ამ ყველაფერში ჩართვის საშუალება, ძალიან გამჭვირვალედ გადაწყდება ეს ყველაფერი",- ამბობს ის.

პარლამენტის თავჯდომარე საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობასაც ვერ ხედავს. 

"მოდით, დავტოვოთ ეს ყველაფერი სამართლებრივ ჭრილში. პატივი ვცეთ სისტემას და საგამოძიებო ორგანოები დადებენ დასკვნას ამასთან დაკავშირებით და პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ, ყველას ექნება დაკვირვების საშუალება. არის მარტივ ფაქტზე საუბარი, რომ ამ ფაქტზე მსჯელობა შეუძლია თითოეულ ჩვენგანს. ვნახოთ, რა დასკვნას დადებს სამართალდამცავი უწყება და შესაბამისად, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ჩვენ ამის შემდეგ იმაზე, არის თუ არა ეს დასკვნა და გადაწყვეტილება სამართლიანი",-აღნიშნა კობახიძემ.

6 მარტს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა თიბისი ბანკის დამფუძნებლის მიერ დაკითხვაზე წარდგენილი წერილი, სადაც ადრესატისგან ითხოვენ, რომ "TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე", მამუკა ხაზარაძემ თქვას, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში და "არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი". წერილში მითითებულია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და ამას გააკეთებენ საჯაროს, შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის. მამუკა ხაზარაძის თქმით, სწორედ ეს წერილი გაუგზავნა მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ. მან აღნიშნა, რომ დაკითხვაზე დოკუმენტის ასლი წარმოადგინა და დედანი ლონდონში, ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.

კომენტარები