მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: ყოველთვის გვქონდა სწრაფვა, ვყოფილიყავით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის

საქართველოს ჰყავს ორი მტერი - ოკუპაცია და სიღარიბე. საოკუპაციო ხაზი და ეკონომიკური სიდუხჭირე არის ის, რაც არ გვაძლევს სრულფასოვანი განვითარების შესაძლებლობას, ის, რასთან შეგუებაც შეუძლებელია, ის, რისი დაძლევისთვის ბრძოლაც გახლავთ თითოეული ჩვენგანის მთავარი ცხოვრებისეული მიზანი. ჩვენ ყოველთვის გვქონდა სწრაფვა და ჯანსაღი ამბიცია იმისკენ, რომ ვყოფილიყავით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის. ძველი ბერძენი გეოგრაფების ჩანაწერებში ვკითხულობთ, რომ ანტიკურ საქართველოში იყო "აყვავებული" ქალაქები. ამ ტერმინში, პირველ რიგში, იგულისხმებოდა განათლების ცენტრები, ისეთები, როგორიც იყო, მაგალითად, ფაზისის რიტორიკული სკოლა. შუა საუკუნეებში ინტენსიურად ვითარდებოდა მეცნიერების კერები იყალთოსა და გელათის აკადემიებში, რომელსაც თანამედროვეები "ახალ ათინად" და "მეორე იერუსალიმად" იხსენიებდნენ. ქართველები აფუძნებდნენ სასწავლო ცენტრებს და ბიბლიოთეკებს საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის მონასტრებში, ჩვენი სწავლულები მოღვაწეობდნენ სინას მთაზე და პალესტინაში. ქართველთა ეროვნული სიამაყის საგანი ყოველთვის იყო სახარების უძველესი თარგმანები და თეოლოგიურ-ფილოსოფიური ტრაქტატები. რენესანსული მსოფლმხედველობა ჩვენში უფრო ადრე იწყებს ჩამოყალიბებას, ვიდრე მსოფლიოში და ვეფხისტყაოსანია ამისი ნათელი დასტური; ხოლო მანამდე, მრავალი საუკუნით ადრე, ჩვენ შევქმენით რკინის დამუშავების, ღვინის დაყენების, ოქროს მოპოვების ცოდნა და ტექნოლოგიები, რითაც ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ მსოფლიო ცივილიზაციაში

პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ამის შესახებ თავისი ახალი ინიციატივის "განათლება - გზა თავისუფლებისკენ" წარდგენის დროს ისაუბრა. პრემიერის ახალი ინიციატივა გულისხმობს, რომ დღეს არსებული ბიუჯეტის მეოთხედი "განათლების სფეროს სრული ტრანსფორმაციისთვის" წარიმართოს

კომენტარები