დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ბესელია ივანიშვილზე: შეიძლება, ადამიანს ეგონოს, პროცესებს თავად მართავს, თუმცა ასე არ იყოს

facebook.com/ekaterine.beselia

"შეიძლება, ადამიანს ეგონოს, რომ პროცესებს თვითონ მართავს, მაგრამ ამ დროს სხვა მართავდეს პროცესს" - ასე პასუხობს ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატი ეკა ბესელია ჟურნალისტის კითხვას ბიძინა ივანიშვილის შესახებ. 

ტვ პირველის წამყვანმა, ნინო ჟიჟილაშვილმა, ბესელიას ჰკითხა, როგორ იყო შესაძელებელი, რომ ივანიშვილი, რომელსაც ამ ქვეყანაში ყველა ინსტიტუტი ემორჩილება, ვინმეს მიერ მძევლად იყოს აყვანილი. 

"თუ [მძევლად აყვანას] პირდაპირი მნიშვნელობით არ დავინახავთ და დავინახავთ პოლიტიკური ხელწერით და მოვლენებს დავაკვირდებით, ვიპოვით აქ სამწუხაროდ, რეალობას. დავინახავთ ამას,"- პასუხობს ბესელია. 

თავისი ნათქვამის დასტურად ის იხსენებს, რომ როდესაც პირველად გამოვიდა უმრავლესობის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების 10-კაციანი სიის წინააღმდეგ ინიციატივით, ბიძინა ივანიშვილი მას პირველ ეტაპზე ეთანხმებოდა. 

"საკითხი დავაყენე, ეთანხმებოდა თავადაც იმ პროექტს, აი, იმას, რომელიც ჩავარდა. ინიცირების შემდეგ შეიკრიბა საბჭო, წაიშინეს თავში ხელები, ლამის კოცონზე დაწვეს ეს პროექტი, აბაკუნეს ფეხები, თქვეს, რომ რა მოგიგონიათ ახლა ეს, კონსტიტუციას ეწინააღმდეგებაო და შეიცვალა პოზიცია,"- ყვება ბესელია. 

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ასევე ხსნის, თუ რატომ არ აკრიტიკებს ივანიშვილს კანონპროექტის ჩავარდნასთან მიმართებით და რატომ აკრიტიკებს მხოლოდ მათ, ვინც მის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

"ივანიშვილი არ ზის პულტთან, იქ სხედან ადამიანები და არა - რობოტები. იცით, რა? ის მესიჯები მეც მომდიოდა და მეც მითხრეს, რომ კომიტეტის სხდომა უნდა ჩამეტარებინა და ის 10 მოსამართლე უნდა გამეყვანა დეკემბრის ბოლო კვირას, მაგრამ არ გავაკეთე. ამიტომ ვამბობ, გადაწყვეტილებებს ადამიანები, პიროვნებები იღებენ. იმ პულტს რომ ხელს მიაჭერ, რაც არ უნდა გითხრას ივანიშვილმა, თუ ფიქრობ, რომ არ არის სწორი, ასე არ უნდა მოიქცე და მერე ივანიშვილისკენ თითი არ უნდა გაიშვირო. თორემ, ივანიშვილი იტყვის, რომ იცი, რა, მე შეიძლება, ეს პოზიცია მქონდა, მაგრამ შენ ხომ უნდა მიგეღო გადაწყვეტილება? შენ, საკუთრივ პარლამენტის წევრს და დეპუტატს. ამიტომ ვამბობ, ვინც წინააღმდეგ მისცა ხმა, იმ ადამიანებთან არის ეს კითხვა. საკუთარი თავი მართონ თავად, ნუ ამართინებენ თავს ნურავის,"- ამბობს ეკა ბესელია. 

ქართულ ოცნებაში დაპირისპირების გაცხადებული მიზეზი ეკა ბესელიასა და კიდევ რამდნეიმე დეპუტატის მიერ უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების სიის გაპროტესტებაა.

ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, სადაც ის გედევან ფოფხაძემ შეცვალა. თუმცა, ქართულმა ოცნებამ გედევან ფოფხაძე თანამდებობიდან გაიწვია და მიზეზად მისი რეგლამენტის დარღვევით დანიშვნა დაასახელა. 

ამის შემდეგ ეკა ბესელიამ რამდენიმე დეპუტატთან ერთად მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2025 წლამდე უნდა გადადებულიყო. პარლამენტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. 45 იყო მომხრე, 17 წინააღმდეგი. ამის გამო, ეკა ბესელიამ ქართული ოცნება და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

ქართული ოცნება დატოვეს ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ზვიად კვაჭანტირაძემ. ასევე, ბექა ნაცვლიშვილმა, თუმცა, მან არა ბესელიას კანონპროექტის, არამედ თავისი საკანონმდებლო ინიციატივის გამო დაგროვებითი პენსიის კანონში ცვლილებების შესახებ, რომელიც პარლამენტმა ასევე ჩააგდო. ეკა ბესელია პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნას აპირებს, რომლისთვისაც მინიმუმ 6 დეპუტატია საჭირო.

მასთან ერთად ქართული ოცნების უმრავლესობა იმავე მიზეზით ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემაც დატოვეს. მოგვიანებით მათ ზვიად კვაჭანტირაძეც შეუერთდათ. ქართული ოცნების უმრავლესობა სხვადასხვა მიზეზით ბექა ნაცვლიშვილმა, გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა დატოვეს. დავით ჭიჭინაძე, რომელიც ქართული ოცნებიდან დაპირისპირების დაწყებამდე თვეებით ადრე გარიცხეს და რომელიც ამ დაპირისპირებაში ეკა ბესელიას გუნდის წევრად განიხილებოდა, პატრიოტთა ალიანსიდან გავიდა. 

კომენტარები